კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/iza-galak.jpg

ხარაგაულში გალაკტიონზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

გალაკტიონის ფარცხნალში პედაგოგად მოღვაწეობის ერთწლიან პერიოდზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დასრულდა.

იზა ვეფხვაძის წიგნის და ამავე სახელწოდების ფილმის პრეზენტაცია სიმბოლურად ფარცხნალში გაიმართა, იქ სადაც, გალაკტიონმა თავისი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი გაატარა.

ფილმში პერსონაჟების როლებს , გალაკტიონის ფარცხნალში გატარებული  ერთ წლიანი ცხოვრების ეპიზოდიდან, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის თანამშრომლები ჯაბა ფცქიალაძე, ლევან ნანიტაშვილი, გია ხარაძე და  ხარაგაულელი ბავშვები სანდრო ფცქიალაძე, ნინო ლაცაბიძე, თამარ კიკნაძე, ანდრია კვინიკაძე, მათე და ნოდარ თაბუკაშვილები და დეა, გურამ და საბა ბუაჩიძეები ასრულებენ. 

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი, იზა ვეფხვაძე: ,,შესაძლებელია ფარცხნალში გატარებული ერთი წელი გალაკტიონის ცხოვრებიდან ვინმესთვის ზღვაში წვეთია, ჩვენთვის, ხარაგაულისთვის  კი მთელი საუკუნე. ფილმი აგებულია დოკუმენტებზე , რომელიც ლიტერატურის მუზეუმში , და ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში  მოვიძიე, ფილმში მოთხრობილია სრული ჭეშმარიტება და მთლიანად დოკუმენტური ხასიათისაა.

კობა ლურსმანაშვილი: ,,დღეს დოკუმენტური ფილმის ჩვენებით ხარაგაულმა უკვდავყო გალაქტიონ ტაბიძის სოფელ ფარცხნალში პედაგოგად მოღვაწეობის ერთ წლიანი პერიოდი და ხარაგაულის ისტორიის კუთვნილებად აქცია. უკვე დიდი ხანია, ხარაგაულის სევდიანი სადგური,  გალაქტიონის ცაცხვი  და სოფელი ფარცხნალი ხარაგაულის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.  მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რომელიც იღწვის და ასე ლამაზად აცოცხლებს  ხარაგაულის წარსულს.“

ფილმის პრეზენტაციის დროს იზა ვეფხვაძემ წიგნის ,,გალაკტიონის ნატერფალები“ გამოცემაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, სოფელ ფარცხნალის მკვიდრს, გელა ბუაჩიძეს, რომელსაც მადლობის ნიშნად თეატრის სახელით საჩუქრად გალაკტიონის  მხატვრული ტილო გადაეცა.

დოკუმენტური ფილმის გადაღება, ეს იყო მცდელობა კიდევ ერთხელ გაცოცხლებულიყო და ისტორიას ცხადად შემორჩენოდა  ყველა ის მოგონება, რეალობა, თუ მითი რაც გალაკტიონის ხარაგაულთან აკავშირებს.

 

 

 

ნანახია: 2518 - ჯერ