სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1018.JPG

ხარაგაულის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილება შეიქმნება. აღნიშნული საკითხი  დღეს, 20 იანვრის  საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და დღესვე გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით საკითხი მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა. მისი განცხადებით,  განყოფილება წარმოდგენილი იქნება სამი საშტატო ერთეულითა და სამი ხელშეკრულებით დასაქმებული პირით. განყოფილებაში აუცილებელი პირობაა, რომ იყოს იურისტი, ფსიქოლოგი და სოც მუშაკი.

კახა გოლუბიანის თქმით, ახალ განყოფილებას საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე ექნება შესასრულებლად. ამიტომ დანიშვნის შემდეგ თითოეული  თანამშრომელი გაივლის სპეციალური სწავლების ორ თვიან კურსს.

საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის განცხადებით  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ ხარაგაულშიც არის გამოწვევები. „იმედი მაქვს განყოფილებაში დასაქმდებიან ისეთი სპეციალისტები რომლებსაც კარგად ეცოდინებათ ბავშვთა სჭიროებები და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებენ“ - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ  ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია  სჯობს ხელშეკრულებით თანამშრომლების აყვანა დროებით გადაიდოს და განყოფილებაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მხოლოდ  შტატით დანიშნულებმა იმუშაონ. 

კახა გოლუბიანის თქმით, ბავშვთა უფლებებს  საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა და სამი თანამშრომელი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ განახორციელოს ის ვალდებულებები და უფლება-მოსილებები, რომელიც განყოფილებამ უნდა შეასრულოს.

საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი გასულ წელს მიიღო და დაამტკიცა. შემდეგ შეიმუშავეს საკითხი, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციისა და აღნიშნული კოდექსის აღსასრულებად ყველა მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილიყო შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმუშავებდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე.  

დღევანდელ სხდომაზე კახა გოლუბიანმა ასევე, წარმოადგინა საკითხი მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, მერიაში ხელშეკრულებით დანიშნულთა რაოდენობა საჭიროებიდან გამომდინარე უნდა გაიზარდოს 24-ამდე. სამი მათგანი ახალი განყოფილების თანმაშრომელი იქნება, ხოლო ერთი -  ადმინისტრაციული ერთულის სპეციალისტის თანმადებობაზე დაინიშნება.

აღნიშნული საკითხები საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადებითად შეფასდა. სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ; საკითხი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა წარმოადგინა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ღორეშაში მდებარე სოფლის ცენტრალურ ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის გელა კაპანაძის სახელი მიენიჭა.  

და ბოლო საკითხი, რომელიც მერიის ქონების მართვის და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ალავიძემ წარადგინა ს.ს „სილქნეტი“ - სთვის ელექტრო საყრდენის იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო, 5 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემას შეეხებოდა. რომლის გადაცემაზეც ხარაგაულის მერმა თანხმობა მიიღო. 

ნანახია: 1705 - ჯერ