სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/471_septeverbearingraspberry_close.jpg

ხარაგაულში ჟოლოს ბაღი ცხრა სოფელში გაშენდა

 

სოფელ ბორის მაცხოვრებელი ნინო კელენჯერიძე და კიცხელი ნელი დოლიკაშვილი სახელმიწფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ბენეფიციარები არიან.

დღეს მათ საკუთარი ჟოლოს პლანტაციის გასაშენებლად კუთვნილი ჟოლოს ნერგები მიიღეს.  

სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავალი“  კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას ითვალისწინებს.

სოფლის განვითარების  სააგენტოს ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის, ბონდო კიკნაველიძის, ინფორმაციით ხარაგაულში ამ პროექტით სულ 23 ბენეფიციარმა ისარგებლა და  საერთო ჯამში  5 ჰექტარზე მეტ ნაკვეთზე  ჟოლოს პლანტაცია გაშენდა .

ბონდო კიკნაველიძე:

,,ეს არის შესანიშნავი პროექტი, სადაც სახელმწიფო ბენეფიციარს 100 პროცენტით უფინანსებს ყველა ხარჯს. მოსახლეობის ინტერესი  ძალიან დიდი იყო, სამწუხაროდ უკვე შეწყდა ამ პროგრამის განხორცილება და  ვფიქრობ მომავალში ისევ გაგრძელდება. ბენეფიციარები დიდ ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ ამ პროგრამიდან. ადრე სოფელ სოფელ  დავდიოდით და ვეძებდით  ხალხს, ახლა თვითონ მოდიან და გვეძებენ, ინტერესდებიან, რაც ძალიან მახარებს."

სოფელ ბორის მაცხოვრებელი ნინო კელენჯერიძე ჟოლოს პლანტაციას 2300 კვ მეტრზე გააშენებს, დღეს მან საკუთარი მეურნეობისთვის სახელმწიფოდან უსასყიდლოდ 1086 ,,კაროლინას“ ჯიშის ჟოლოს ნერგი მიიღო.  

,,გადავწყვიტე ჩემს ძირითად საქმიანობასთან ერთად სოფლის მეურნეობასაც მივყო ხელი. გამიმართლა რომ ჩემი ფართობი ახლოს არის წყალთან.  სირთულე შეგვექმნა  შარშან პანდემიის გამო და პროგრამა  ერთი წლით გადაიდო. სამუშოების შესასრულებლად მუშახელის დაქირავებას ვფიქრობ. პროგრამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მიფინანსდება სარწყავი სისტება, ნერგები , ბოძები,  გასაჭიმი მასალა , ყველაფერი ის რაც საჭიროა პლანტაციის გასაშენებლად.“

ნელი დოლიკაშვილი თავის საკარმიდამო ნაკვეთზე ჟოლოს პირველად დარგავს. სახელმწიფო პროგრამით კმაყოფილია და აქვს მოლოდინი, რომ მოსავალსაც მიიღებს და შემოსავალიც ექნება.

ჟოლოს მოყვანით ხარაგაულში სოფელი გედსამანიაა ცნობილი, აქ მაცხოვრებლებისთვის   შემოსავლის მთავარ წყაროდ, ჟოლო  ჯერ კიდევ ბევრი წლების წინ იქცა. მალე გედსამანიას კიცხი, ვარძია, ბუდიანეთი, ჩხერი, ამაშუკეთი, კვესრევი, მოლითი, ქვები და ჩრდილი შეუერთდება. 

 

ნანახია: 933 - ჯერ