სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0179_1.JPG

"დედაღვთისობა" ხარაგაულში

დედაღვთისობა სოფელ ვარძიაში აღდგომიდან მესამე კვირას აღინიშნება.

 ამ დღეს მომლოცველები ვარძიის დედაღვთისას ტაძარში ყველა კუთხიდან იკრიბებიან.

 8 საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა მრევლისთვის და მომლოცველებისთვის ტაძრის წინამძღვარმა მამა დიმიტრიმ აღავლინა.

მრევლთან ერთად წირვას დაესწრო მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.

ხალხური გადმოცემით ვარძიის სამონასტრო კომპლექსი თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ. მეფე თამარი მესხეთის ვარძიიდან მობრძანდებიდა თავისი ამალით და ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდა.თან მოჰყავდა მის მიერ გაქრისტიანებული ახალციხელი თათრები. მეფეს ღამე ჩხერის ციხეში გაუთევია.ძილში დასიზმრებია, სადაც უნდა აეშენებია ეკლესია.როცა იმ ადგილას მისულა, საოცარი სილამაზე გადაშლია თვალწინ. მეფეს აქ დაუსვენებია ღვთისმშობლის ხატი და უბრძანებია ეკლესიის აშენება.

ამ ისტორიას ასახავს ახლდადაწერილი ხატი, რომელიც ტაძარში არის დაბრძანებული.  მესხეთის ვარძიის საპატივსაცემოდ,ამ ადგილისთვის თამარ მეფეს ვარძია უწოდებია.

1700 წელს ლეკთა დაქირავებულიმა ჯარმა ვარძიის მონასტერი გადაწვა . შემდეგში უძველესი მონასტრის ადგილას თეთრი თლილი ქვით მოპირკეთებული გუმბათოვანი ეკლესია აუგიათ. მშენებლობისას გამოუყენებიათ ძველი ტაძრის ქვები. ეკლესიის სამრეკლოს კედლის წყობაში ჩატანებული ქვების წარწერით დასტურდება ძველი მონასტრის აშენების თარიღი XI-XIII საუკუნეები.

ვარძიის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ საგანმანათლებლო კერა. ჩვენამდე მოაღწია XVIII- ს–ში ვარძიაში შექმნილმა ქართუ– თურქულმა სასწავლო წიგნმა .

 1783 წელს, იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა , სოფელი ვარძია თავისი მონასტრით, ადგილ მამულით და ტყეებით კვიპროსის დედაღვთისას ბერძნულ კიკოს მონასტერში შესწირა. სოლომონ II განაახლა შეწირულობის წიგნი. ასე რომ, 1783 წლიდან მოყოლებული,1914 წლამდე ვარძიაში ბერძენი ბერები იგზავნებოდნენ შვიდ წელიწადში ერთხელ. ისინი კრეფდნენ გადასახადს , აკეთებდნენ ჩანაწერებს ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ და ასე იქმნებოდა სოფელ ვარძიის მატიანე.

XIX –ს–ში მონასტერი მეტად უნუგეშო მდგომარეობაში შავარდნილა, იმდროინდელი საგაზეთო წერილებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი მონასტრის თლილ ქვებს გზის გასამშრალებლად იყენებდნენ და მონასტრის ქონება ნიავდებოდა.

1905წლის რევოლუციის დროს გლეხებმა დაარბიეს ვარძიის მონასტერი, არქიმანდრიტი კი გაიქცა. 1914 წელს ბერების მიმოსვლა შეწყდა, ვარძიაში საცხოვრებლად დარჩა ვინმე ძაბუნიდი.აქედან გაშნდა სოფელში გვარი– ძაბუნიძე.

 ამჟამად ეკლესია აღდგენილია და მოქმედი, იქ ზეიმობენ ,,დედაღვთისობის ‘’დღესასწაულს აღდგომიდან მესამე ორშაბათს.თითოეულ თქვენთაგანს გილოცავთ დედაღვთისობას, შეგვეწიოს და გვფარავდეს დადა ღვთისმშობელი ჩვენ სრულიად საქართველოს.

 

 

ნანახია: 1107 - ჯერ