საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/sgysdfghfhfhj_1.png

კენკროვანი კულტურების გაშენება ხარაგაულში 100%-ით დაფინანსდება

ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ბერაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დაბის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ნათია ბერაძემ მოსახლეობას სახელმწიფო პროექტში - „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილებები გააცნო. პროექტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულშიც, 100%-ით დაფინანსდება.

შესაძენი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ნერგების ღირებულება 100%-ით დაფინანსდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში. 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც. საჭიროების შემთხვევაში კი  ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალებიც.

ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით. 

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული  მაცივარკონტეინერი (საშუალოდ 20 ტონიანი ტევადობით).

ტერიტორიაზე სადაც ბენეფიციარი გეგმავს ბაღის გაშენებას აუცილებელია არაუმეტეს 500 მეტრში იყოს წყლის სათავე ნაგებობა და ელექტროენერგიის წყარო არაუმეტეს 800 მეტრში. ტერიტორიაზე არ უნდა იყოს შენობა-ნაგებობები და ნარგავები.

გათვალისწინებულია შესაბამისი ტრენინგების ჩატარება ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სრულად წარადგენენ სააგენტოში პირველ ეტაპზე წარსადგენ დოკუმენტაციას. ტრენინგების დასრულების შემდგომ ტარდება ტრენინგგავლილი პირების ტესტირება შესწავლილ საკითხებში.

ბენეფიციარის გამარჯვების შემთხვევაში სპეციალისტების მიერ  შემოწმდება მიწის ვარგისიანობა კენკროვანი მცენარეებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ:

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურს.

ნათია ბერაძე ტელ: 599 85 26 01

ასევე, მერის წარმომადგენელს თქვენ ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

 

ნანახია: 8692 - ჯერ