ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
თეატრის ისტორია
ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება გასული საუკუნის დამდეგიდან იღებს სათავეს. 1910 წლიდან სპირიდონ კიკნაძის ოჯახის ეზოში იმართებოდა წარმოდგენები, რომლის სულის ჩამდგმელები შალვა ხარაძე და, შემდეგში ცნობილი ექიმი, ასკალონ ლომსაძე იყვნენ.
ხარაგაულელთა სპექტაკლებში, მოყვარულ მსახიობებთან ერთად, ხშირად მონაწილეობდნენ ქართული სცენის სახელოვანი მსახიობები: შალვა დადიანი, მარო მდივანი, ვასო ურუშაძე, გრიგოლ ჩარკვიანი, ვასო აბაშიძე.
გამოჩენილი პუბლიცისტი, ვლადიმერ მაჭავარიანი თავის მოგონებებში იხსენებს, თუ როგორ თამაშობდნენ დეკანოზის სახლის ეზოში სრულიად ახალგაზრდა ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი.
პირველი სცენისმოყვარეთა დასი
ხარაგაული 1910 წელი
20-იან წლებში სცენისმოყვარეთა დასის ადგილსამყოფელი რკინიგზელთა კლუბი იყო. დასს ხელმძღვანელობდა კლუბის გამგე ნოე აბაშიძე. 30-40-იან წლებში ხარაგაულში უკვე მუდმივმოქმედი თეატრალური დასი არსებობდა, რომელსაც 1943-47 წლებში სახლმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა.
1947 წელს, ბევრი სახელმწიფო თეატრის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხარაგაულის თეატრმაც შეწყვიტა არსებობა, თუმცა მოყვარულთა თეატრალური კოლექტივი მაინც მოღვაწეობდა, რომელსაც 1959 წელს ,,სახალხო თეატრის” წოდება მიენიჭა. სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ოთარ აბაშიძე იყო.
1967 წელს სახალხო თეატრს სათავეში ჩაუდგა ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი თამაზ კიკნაძე.
თამაზ კიკნაძის მოღვაწეობის პერიოდში ბევრი საინტერესო სპექტაკლი დაიდგა ხარაგაულის სცენაზე. მათგან აღსანიშნავია პ. კაკაბაძის ,,კოლმეურნის ქორწინება”, დ.კლდიაშვილის ,,სოლომან მორბელაძე”, რ. ერისთავის ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” და სხვა.
თეატრს დიდი წარმატება მოუტანა დავით კლდიაშვილის პიესამ ,,დარისპანის გასაჭირი”. (რეჟ. დ. ბოგვერაძე) 1990 წელს გურჯაანში გამართულ საკავშირო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლმა ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა. დასი მიწვეული იყო ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი დღესაც წარმატებით აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას, თეატრს ხელმძღვანელობს ირინე ჩხეიძე. მისი რეჟისორობით დაიდგა არაერთი სპექტაკლი: გ. ლეონიძის ,,ნატვრის ხე”, ო. იოსელიანის ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”, ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით ,,თანამდევი სული”, ფიროსმანზე შექმნილი ნაწარმოებების მიხედვით ,,... და დროც გაჩერდება...” და სხვა. 2011 წელს დაიდგა ნ. დუმბაძის ,,თეთრი ბაირაღები”( რეჟისორი პ. გოგოლაძე) ასევე „შენ სისხლო ჩემო”, სცენარის ავტორები-ირინე ჩხეიძე და მამუკა ჭიპაშვილი. სპექტაკლი ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ ხარაგაულელ გმირებს.
სპექტაკლი „თანამდევი სული“ 2012წელს წარდგენილი იყო იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ,სადაც მონაწილეობდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის თეატრი, მათ შორის სახელმწიფო თეატრები. სპექტაკლმა მთავარი ნომინაცია „საუკეთესო სპექტაკლი“ წოდება მოიპოვა. სპექტაკლი ასევე 2013 წელს თურქეთის ქალაქ ქემერში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა ფესტივალის მთავარი პრიზით. 2014 წელს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ასევე მიწვეული იყო ბელგიაში ქ.ბრიუსელში, სადაც გაიმართა სპექტაკლის “თანამდევი სულის“ ჩვენება ქართული დიასპორისათვის.
ხარაგაულის თოჯინების თეატრი
2008 წელს ირინე ჩხეიძემ ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრთან ჩამოაყალიბა თოჯინების თეატრი.
ირინე ჩხეიძის რეჟისორობით არაერთი საბავშო სპექტაკლი დაიდგა ხარაგაულის სცენაზე:
„ბატის ჭუკის ტასიკოს თავგადასავალი“-2010 წელი,
„მამალი და ფისო“-2010 წელი,
„კომბლე“-2012 წელი,
„ნადიმი ტყეში“-2013 წელი,
„ბიბლიოთეკის ტყვეობაში“-2011 წელი საბავშვო სპექტაკლი.
„სათაგური“-2015წელი
„სამი გოჭი“-2016 წელი
„აბა თაგუნებო“-2017 წელი
“წითელქუდას ზღაპარი“-2018 წელი
საქართველოს თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალში „ტიკინები-2014“ -ში წარმატებით მონაწილეობისათვის ხარაგაულის თოჯინების თეატრი ნომინაციაში -ქართული ფოლკლორის ნიმუშის თანამედროვედ წარმოჩენისათვის დაჯილდოვდა.
თოჯინების თეატრი სპექტაკლებს მართავს როგორც დაბა ხარაგაულში ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი შეიქმნა 1995 წელს, ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე, მისი დამაარსებელი, სცენარისტი და რეჟისორია იზა ვეფხვაძე.
1998 წელს თეატრს დიდი ქართველი მამულიშვილის რეზო თაბუკაშვილის სახელი მიენიჭა ,ხოლო 2002 წელს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით სახალხო თეატრის წოდება.
ლიტერატურული თეატრი პოპულარიზაციას უწევს ქართულ და მსოფლიო კულტურას, მწერლობას, ხელოვნებას, მეცნიერებას, ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. თეატრის რეპერტუარშია ლიტერატურული სპექტაკლები ცნობილ მწერლებზე, მეცნიერებზე, ხელოვნებზე, ხელოვნების მოღვაწეებზე:
თეატრს რეპერტუარში აქვს 60-ზე მეტი ლიტერატურული სპექტაკლი, რომელიც ნაჩვენებია როგორც საქართველოს დედაქალაქში, ისე სხვადასხვა ქალაქებში.
2012-14 წლებში თეატრმა განახორციელა კულტურის სამინისტროს 4 პროექტი „მთების ძახილი“ ( 2 ნაწილად), „ამ სიყვარულით შევცვლით სამყაროს“... „ როცა ერთმანეთს ვჭირდებით“.
2016-1018 წწ. თეატარი ახორციელებს პროექტს „ჩემი საქართველოაქ არის“, რომლის ფარგლებშიც 30-ზე მეტი სპექტაკლი გაიმართა ხარაგაულსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის უფლისციხეში, ენგურის ხიდზე, რუხში, სოფელ ნიქოზში და ა.შ.
თეატრი ტრადიციულად, ყოველწლიურად, მართავს ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი “, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მთელი საქართველოს მასშტაბით შემოქმედი ადამიანები. კონკურსს აქვს თავისი ლოგო, ჰიმნი და სხვა ატრიბუტიკა.
თეატრის ხელმძღვანელის იზა ვეფხვაძის ინიციატივით 2015-2016 წწ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩატარადა კონკურსი პლენერ „გამაზე“, სადაც საქრთველოს მასშტაბით ცნობილმა და ნაკლებად ცნობილმა მხატვრებმა ხარაგაულის ხედები დახატეს.
თეარტში აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, მის დამაარსებელს და ხელმძღვანელს -- იზა ვეფხვაძეს მინიჭებული აქვს „ღირსების ორდენი“, „ პატივდების ორდენი“, „ სახალხო დიპლომატიის სიგელი“, „ ხალხის რჩეულის წოდება“ , დაჯილდოებულია ასევე „საპატიო ოქროს მედლით“ , 2017 წელს მიენიჭა „ქართული კულტურის ამაგდრის წოდება“, არჩეულია ასევე, წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების საპატიო წევრად. იზა ვაფხვაძეს კიდევ არაერთი დიპლომითა და სიგელით გახლავთ დაჯილდოებული.
თეატრმა თბილისში, ქუთაისსა და ხარაგაულში არაერთი ცნობილ მწერალს გადაუხადა საიუბილეო თარიღები, მათ შორის მარჯანიშვილის, რუსთაველის და მესხიშვილის თეატრებში: ოთარ მამფორიას, რეზო ჭეიშვილს, ზურაბ კუხიანიძეს, გურამ დოჩანაშვილს, ლილი ნუცუბიძეს.