საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0075.JPG

ეკოტურიზმის განვითარებისთვის მარელისში ტრენინგები ტარდება

11 აპრილს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის კოტეჯში, სოფელ მარელისში, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებითა და „USAID“ -ის ფინანსური მხარდაჭერით ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობისთვის ტრენინგების 5 დღიანი ციკლი დაიწყო.

ტრენინგის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თემების განვითარება, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პროდუქტის შექმნის კუთხით და ადგილობრივი თემის ჩართვა ტურიზმის ინდუსტრიაში.

როგორც საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა, ნატა რობიტაშვილმა, ჩვენთან საუბარში, განაცხადა პირველ ეტაპზე მარელისში, ლეღვანსა და ფარცხნალში საველე კვლევა ჩატარდა. კვლევიდან გამოვლინდა  თუ რისი პოტენციალი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და რა  მიმართულებით სჭირდებათ მათ დახმარება. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა სამი ტრენინგ-მოდული. პირველი ტრენინგ-მოდულის თემა გახლავთ აგროტურისტული პოტენციალი, მეორე - საოჯახო სასტუმროების განვითარება,  ხოლო მესამე - ტრადიციული რეწვის ობიექტების განვითარება. ამ კონკრეტული ტრენინგების სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარები არიან ლეღვანისა და მარელისის თემიდან.

ტრენინგპროგრამის ფარგლებში, რომელიც  ხუთ თეორიულ და ხუთ პრაქტიკულ-ინდივიდუალურ დღეზეა გათვლილი, ბენეფიციარებს  ასევე ჩაუტარდებათ, ინდივიდუალური კონსულტაცია, თუ როგორ განავითარონ თავიანთი პროდუქტი.  ამ ეტაპზე, სამდღიანი ტრენინგები ჩატარდება განთავსებისა და აგროტურიზმის კომპონენტზე, ხოლო ტრადიციული რეწვის ბენეფიციარებისთვის ორდღიანი ტრენინგები  აპრილის ბოლოს დაინიშნება.

პროდუქტის განვითარების შემდეგ დაიგეგმება საინფორმაციო ტურები და დაიბეჭდება ბუკლეტები, იმისათვის რომ შექმნილი პროდუქტები გახდეს ცნობადი და ინფორმაციულად ხელმისაწვდომი პოტენციური მომხმარებლისთვის და ტურ-ოპერატორებისთვის.

რაც შეეხება ფარცხნალის თემს აქაც ჩატარებულია საველე კვლევა და იმ შემთხვევაში თუ მათი მიმართულებით დაიგეგმება ტურისტული მარშუტი ჩაერთვებიან პროგრამაში. ამ ეტაპზე, გამომდინარე იქედან, რომ უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება, ძირითადი ინტერესი ლეღვნისა და მარელისის თემმა გამოთქვა.

აღნიშნული ორგანიზაცია გეგმავს, ასევე, საველე კვლევის ჩატარებას სოფელ სახვლარში და ეკოსოფლის კონცეფციის შექმნას. კვლევით ცნობილი გახდება აქვს თუ არა ტურისტული პოტენციალი  სახვლარს  და თუ აქვს რა მიმართულებით და მასშტაბებით.

ნანახია: 6200 - ჯერ