საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/ghjcgnbcvb.JPG

ხარაგაულის 5 საბავშვო ბაღში მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება

დღეს ხარაგაულის მერიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში  27 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ გრანტის სახით მოიგო და დაფინანსება მოიპოვა.

შეხვედრაზე ა/ო-ის ხელმძღვანელმა ხათუნა მანჯავიძემ, მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილმა და  ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა პროექტის დეტალები განიხილეს. ისაუბრეს კონკურსის შედეგებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ მზის ფოტოელემენტების, ქსელური ინვენტარისა და მათი გამოყენებით მზის 5 მიკრო ელექტროსადგურის მონტაჟის მიზნით გამოაცხადა. კონკურსში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთა წინადადებები შეხვედრაზე განიხილეს.  საბოლოო გადაწყვეტილებას კი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.

მზის ელექტროსადგურები ბორითის, წყალაფორეთის, კიცხის, ვარძიის და დაბის პირველ საბავშვო ბაღში დამონტაჟდება.   

ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ბაღების შერჩევა  წინასწარი კვლევისა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მოხდა.

 როგორც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებით დაიზოგება ელექტროენერგიის მოხმარება.

პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

ნანახია: 4947 - ჯერ