საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdhgjnxfg.jpg

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს

7 ივნისს, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ხარგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები: მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე.
ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ და ლეღვნულამ, ხარაგაულის სოფლებში მუნიციპალური და კერძო ინფრასტრუქტურა დააზიანა.  წაიღო  გზები და  ხიდები. დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო.
სტიქიის ზონაში მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მობილიზებული იყო ასევე სამაშველო ჯგუფები. იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივ მოსახელობას  შეხვდნენ და პირადად გაეცნენ სტიქიის ზონაში არსებულ პრობლემებს.

სტიქიის ზონაში  დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება. სპეც ტექნიკის საშუალებით  გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ლეღვანის, მარელისსა და  მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერია ჩამოწოლილი. შლამისგან და ნარჩენებისგან იწმინდება, როგორც საუბნო გზები ისე მოსახლეობის კარ-მიდამო. გაწმენდითი სამუშაოები უტარდება ასევე  მდინარე ლეღვნულას კალაპოტს.

სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს შესაბამისი კომისია ითვლის, რომელიც ამ დროისთვის უკვე მილიონ ლარს აჭარბებს. მერიაში ასევე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს.
როგორც ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე აღნიშნავს, ზარალის საბოლოო დადგენის შემდეგ, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდი გამოყოფს შესაბამის თანხას და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.

ნანახია: 5147 - ჯერ