საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0276.JPG

ღორეშა-ბაზალეთის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო!

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ფონდის დირექტორი, გიორგი შენგელია, იმერეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, ბესიკ გოფოძე და ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, ღორეშა-ბაზალეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. დაათვალიერეს გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი, ადგილზე შეხვდნენ მოსახლეობას და მათთან ერთად გაიარეს მშენებლობის პროცესში მოსალოდნელი რისკები.

აღნიშნული გზით ხარაგაულის ცენტრი, ბაზალეთი-სარგვეში-ღორეშა-უბისის გავლით ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს დაუკავშირდება. 
საერთო ჯამში, ხარაგაული-ბაზალეთი-ღორეშა-უბისას დამაკავშირებელი გზა 21 კილომეტრია, აქედან ხარაგაული-ბაზალეთის მიმართულებით 3,5 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტებულია, ასევე რეაბილიტირებულია 6 კმ. გზა ღორეშა-უბისას მიმართულებით. ამჟამად სწორედ შუა მონაკვეთში მდებარე 11 კოლომეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გაცნობებთ, რომ ზემოთ ხსენებული გზის რეაბილიტაცია ხარვეზიანი პროექტის გამო ორჯერ შეფერხდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადდა ახალი პროექტი. ტენდერი 2019 წლის ბოლოს გამოცხადდა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, „კავკასუს როუდ პროჯექტი“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. 

კომპანია სამუშაოებს უკვე აქტიურ ფაზაში აწარმოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზაზე ქვიშა-ხრეშოვანი ღორღის შეტანა, საჭიროების ადგილებზე ეწყობა საყრდენი კედლები. პროექტის ფარგლებში მდინარე ყარნებაზე იგეგმება ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. გზის სიგანე იქნება 5 მეტრი, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა ცხაურები და სანიაღვრე არხები. გზის მთელ სიგრძეზე იქნება საგზაო მონიშვნები.  

პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია, სახელშეკრულებო პირობებით, გზის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დაასრულდება.

 

ნანახია: 6072 - ჯერ