სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0185.JPG

სამხატვრო - მუსიკალური პლენერი „გამა“ საზეიმოდ გაიხსნა

სამხატვრო - მუსიკალურ პლენერი ,,გამა“ ოფიციალურად გაიხსნა.

ხელოვანი ადამიანების შეხვედრის ადგილად, სოფელ ვერტყვიჭალაში, ეთნოგრაფიული რესტორნის ,,მარანი“ ტერიტორიაზე არსებული სამუზეუმო ღია სივრცე შეირჩა.

გახსნის საზეიმო ცერემონიალს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი დაესწრო.

კობა ლურსმანაშვილი - ,,მე ვარ ამაყი, რადგან ვარ იმ მუნიციპალიტეტის მერი, რომელსაც გააჩნია უდიდესი წარსული, თავისი გამორჩეული, ბრწყინვალე და სახელგანთქმული პიროვნებებით. მინდა, მადლობა ვუთხრა ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რომ დღეს, აქ, ხარაგაულს წარმოაჩენს როგორც კულტურის, ხელოვნების განსაკუთრებულ მეგობარს, როგორც შემოქმედებითი ცხოვრებით სავსე მუნიციპალიტეტს.

მიხარია, რომ ხარაგაულში, იმერეთის კოპწია , ლამაზ და გამორჩეულ რაიონში ასე მოუხარიათ ადამიანებს, მიხარიხართ და მეამაყებით. მადლობა აქ მობრძანებისთვის, მადლობა სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის.“

პლენერში 23 მხატვარი ღებულობს მონაწილეობას, რომლებიც ხარაგაულის ხედებს დახატავენ და საჩუქრად ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ, სადაც უკვე შეიქმნა პლენერ "გამას" მუზეუმი და დაცულია ნამუშევრები.

სამხატვრო- მუსიკალური პლენერის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელის იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერის ფარგლებში, 120 ფერწერული ტილო შეიქმნა.

იზა ვეფხვაძე:

,,ხარაგაულის ხედებით მოხატული 120 ფერწერული ტილო, ეს დიდი სიმდიდრეა. ჩვენი მხატვრები 24 საათის განმავლობაში ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში, იმერულ ოჯახებში იცხოვრებენ და ხარაგაულის სოფლებზე ულამაზეს ნახატებს შექმნიან.

წელს პლენერში მონაწილეობას იღებენ ცნობილი მხატვრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. სამხატვრო პლენერში დისტანციურად მონაწილეობას მიიღებენ ემიგრანტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები.

ვფიქრობ, ჩვენი მხატვრული ტილოების იშვიათ კოლექციას, ახალი და საინტერესო ნამუშევრები შეემატება“- აცხადებს იზა ვეფხვაძე.

პლენერის საპატიო სტუმრები თეატრის ებრაელი მეგობრები არიან. სპეციალურად პლენერისთვის ისრაელიდან სტუმრები ჩამობრძანდნენ, ქალაქ ხაიფის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ბიზნესმენი და მეცენატი წლების განმავლობაში პლენერის დიდი მოამაგე, პაატა იოსებაშვილი, მაია ჯანანაშვილი და მწერალი იზოლდა მოშიაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, პლენერი ,,გამა“ წელს უკვე მეექვსედ იმართება.

მიმდინარე წელს პლენერმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო, მხატვრობას დაემატება კლასიკური და საოპერო რეპერტუარი.

პლენერის გახსნის დღეს თბილისის ოპერის მომღერლების თეა დემურიშვილის, მამუკა ლომიძის, არმაზ დარაშვილის, ლევან მაკარიძის, გიორგი მოციქულაშვილის და მაყვალა ხორბალაძის მიერ შესრულებული საოპერო ნომრებით, მუსიკალური ანტრაქტები გაკეთდა.

პლენერი საოპერო მუსიკის კონცერტით დაიხურება.

,,გამა“ წელს მხატვრობის და მუსიკის სინთეზი იქნება.

პლენერის მიმდინარეობის დროს დაცულია პანდემიიდან გამომდინარე ყველა საჭირო რეგულაცია.

 

ნანახია: 1173 - ჯერ