28 ივნისს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე, დავით დევდარიანი.
სხდომაზე, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული 1553 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ საკითხი განიხილეს.
როგორც ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ განმარტა, ბორითში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობისთვის საჭიროა 1553 კვ.მ არასასოფლი სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოსთვის.
სხდომაზე მეორე საკითხი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა. მან ისაუბრა საგრანტო კონკურსის-„2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამ“-ის შესახებ, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია ხუთ პროექტს წარადგენს დასაფინანსებლად.
ეს პროექტები არიან: ხუნევის ბაღის მშენებლობა, ისტორიული მუზეუმის რეკონსტრუქცია-განახლება, ხარაგაულის პარკის რეაბილიტაცია, დევის ხვრელის მიმდებარე ტერიტორიისა და ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
კონკურსის პირობებიდან გამომდინარე განსაზღვრულია პროექტების მიზნობრიობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ტურისტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობას ან რეკონსტრუქციას. შერჩეული პროექტებიდან, შესაძლებელია ერთის ან ორი პროექტის დაფინანსება.
საბოლოოდ, სხდომაზე წარდგენილი საკითხები დადებითად შეფასდა.