სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ahsdhhasd_n.jpg

შრომითი ურთიერთობების შესახებ ზრდასრულთა განათლების ცენტრში ტრენინგი გაიმართა

დღეს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები შრომითი უფლებებისთვის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიმართა. პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოში“ და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში ხარაგაულში, ზესტაფონში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულსა და ჭიათურაში ხორციელდება.

შრომის უფლებების სამართლებრივი ჩარჩო, შრომის კოდექსი, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულების დადება, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, უსაფრთხოება  და შრომის ანაზღაურება, შრომის ინსპექცია - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც „ქალთა ფონდი საქართველოში“ ტრენერმა მარიკა ვაჭარაძემ ისაუბრა და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მარიკა ვაჭარაძე - „პროექტი ხორციელდება კონკრეტულად იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ცენტრებია.  ეს ის ადგილებია, სადაც ის ადამიანები არიან თავმოყროლნი, რომლებიც პოტენციურად უნდა დასაქმდნენ. მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ ინფორმაცია შრომითი ურთიერთობების შესახებ, რაც მათ დაიცავს მოსალოდნელი რისკებისგან. ფაქტობრივად, ეს ტრენინგი არის პრევენციული ღონისძიება. ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს თუ ხელშეკრულების დადების მომენტში რა უნდა გაითვალისწინოს, რა შეიძლება მოითხოვოს დამსაქმებლისგან, რისი უფლება აქვს და ა.შ. ჩვენ არ გვინდა რომ ადამიანებმა ხელშეკრულებას ბრმად მოაწერონ ხელი, გააზრებული უნდა ჰქონდეთ ის თუ რა სამსახურში მიდიან და რა უფლება-მოვალეობები აქვთ.“

როგორც მარიკა ვაჭარაძემ აღნიშნა, ტრენინგების მიმდინარეობისას იკვეთება, რომ ადამიანები საჭიროებენ  ამ საკითხების შესახებ ინფორმირებას. მნიშვნელოვანია რომ სოციალური ქსელები, ტელევიზიები უფრო მეტს უნდა აკეთებდნენ იმისათვის, რომ შრომითი ურთიერთობების შესახებ მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს.

ნანახია: 1175 - ჯერ