დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის მერიასა და შპს ,,დანი ქონსთრაქშენ“ - ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.
კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და სახელშეკრულებო ვადებით აგვისტოს თვეში დაასრულებს.
პროექტის ღირებულება 264 ათას 999 ლარია.
,,დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასეთი სახის კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა. ხარაგაული ამ ადგილზე ეგებება და ხვდება სტუმრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოწესრიგება, რომელიც ქმნის განწყობას ხარაგაულზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - " აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.
საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს:
ახალი ლამპიონების, საპარკინგე ადგილის, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცის,
საინფორმაციო დაფის და სკვერის კეთილმოწყობას.
პროექტის ფარგლებში დევების გამოსახულება მოპირკეთდება და მოექცევა დამცავ გარსში,
სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაპტური გარე სანათები, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერები.
მოხდება სკვერის გამწვანება ბუნებრივი კორდით და ტერიტორიაზე დაირგვება დეკორატიული ნაძვის ხეები .
დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეაბილატაცია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.