,,ცოცხალი წიგნები - სოფლებში“ - ასეთი სახელწოდება აქვს კამპანიას, რომლის ფარგლებში, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სოფლებში გასვლით ღონისძიებებს იწყებს.
როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი , მამუკა ჭიპაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ,,ცოცხალი წიგნები“- ს გამოძახილია.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი:
,,ალბათ ყველას გახსოვთ, პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ხარაგაულშიც გაიმართა ღონისძიებები. ჩამოსული იყვნენ პოეტები, მწერლები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ახლოს გააცნეს დამსწრე საზოგადოებას და ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს თავიანთი წიგნები.
სწორედ ამ პროექტის გამოძახილია ღონისძიებები, რომელსაც ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა გამართავს სოფლებში, სასოფლო განყოფილებების ჩართულობით.
ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ხარაგაულის შემოქმედი ადამიანები.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის ,,ცოცხალი წიგნები“: იზა ვეფხვაძე, ვალერი გოგნაძე,ვიტალი ფცქიალაძე,გურამ სახვაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, მამუკა ჭიპაშვილი,დათო ჯიმშიაშვილი,ნანუკა ჭანკვეტაძე,ჟუჟუნა კალანდაძე , შოთა გოლუბიანი, თავიანთი შემოქმედებით წარსდგებიან მსმენელის წინაშე.“
პირველი შეხვედრა 14 ივნისს მარელისის და სოფელ ვახანის ბიბლიოთეკის ეზოში გაიმართება.
ღონისძიებები ,,ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში ზაფხულის პერიოდში სხვა სოფლებშიც ჩატარდება, რომლის თარიღსაც ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა წინასწარ დააანონსებს.