ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ხარაგაულელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ “ეტალონის” დისტანციურ კონკურსში კვალავ ჩაერთონ.
კონკურსის პირველი ეტაპი 22 ნოემბერს, მერე ეტაპი კი 25 ნოემბერს გაიმართება.
სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც კონკურსის ფარგლებში წვდომა ექნებათ ონლაინ ტესტზე.
ტესტირების მომზადების და მიმდინარეობის პროცესში გაჩენილი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში მოსწავლეებს დახმარებას უწევს „ეტალონის“ სპეციალური ცხელი ხაზი ტელ:577 36 99 45
კონკურსი 3 ეტაპად ტარდება:
პირველ ეტაპი - მონაწილე მოსწავლეები კონკურსში ონლაინ ტესტებს გადიან კლასებზე მორგებული კითხვებით, მეორე ეტაპი - კონკურსის პირველი ეტაპის საშუალო ქულიდან გამომდინარე შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები.
მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს ყველა კლასის მოსწავლისთვის ერთი და იგივე სირთულის კითხვებით შეეჯიბრებიან. მეორე ეტაპის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული მოსწავლე, რომელსაც „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
,,ეტალონი“-ს კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი მუნიციპალურ დონეზე განხორციელდება. მესამე, ფინალური ტური - მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გაიმართება და მასში მონაწილეობას კონკურსში საქართველოს მასშტაბით ჩართული მეორე პერიოდის მუნიციპალიტეტების გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ.
ფინალური ტურის მონაწილეებს შორის სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები გამოვლინდებიან, რომელთაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ. მესამე ეტაპი LIVE რეჟიმში გაიმართება, რომლის დროსაც „ეტალონის“ წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, კონკურსანტებთან ერთად ვიდეო ფორმატში შეძლებს კომუნიკაციას.
კონკურსის სამივე ეტაპის ტესტები სასკოლო პროგრამას და ე.წ. ზოგადი აზროვნების საკითხებს მოიცავს. თითოეული ტესტი „ეტალონის“ ექსკლუზიურ პრინციპზე არის აგებული: შედგება 20 კითხვისა და 4 სავარაუდო პასუხისაგან. სწორი პასუხი ფასდება 5 ქულით, არასწორი - 0, ხოლო თავის შეკავება ფასდება 2 ქულით. თითოეულ კითხვაზე პასუხის დასაფიქსირებლად მოსწავლეს განსაზღვრული აქვს ფიქსირებული დრო.