სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dcb.JPG

იცნობდეთ  - მარიამის სახელოსნო,  სოფელ მოლითში

,,მარიამის სახელოსნო“ - ნებოძირელმა 30 წლის მარიამ თოდაძემ ახალი ბიზნეს სტარტაპი ამ სახელწოდებით  დაიწყო.

,,აწარმოე საქართველოს“ მიღებული გრანტით მარიამმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა, სოფელში ჩამოვიდა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად უკვე თვეზე მეტია აქტიურად მუშაობს.

სამუშაო მასალა:  ხის ფანერი, ორგანული მინა, მატერია და ტყავი.

მარიამმა  მუშაობა  საახალწლო თემატიკის აქსესუარების დამზადებით დაიწყო.

სახელოსნოში  ხის აქსესუარები, სხვადასხვა სახის სუვენირები და ჩანთები მზადდება.

უახლოეს მომავალში მარიამი წარმოების გაზრდას და  საბავშვო სპორტულების შეკერვაზე შეკვეთების მიღებასაც აპირებს.

თათა ვარდანაშვილის საავტორო კოლეჯი, კოლეჯი ,,მერმისი, ,,მოდუსი“, ეს იმ სახელოვნებო სასწავლებლების ჩამონათვალია , სადაც მარიამმა პროფესიული განათლება მიიღო.

,,კოლეჯ ,,მოდუსში“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სწორედ ამ კოლეჯში შეიცვალა ჩემი მიზნები. ჩემმა ლექტორმა როდესაც  ჩემი დამზადებული ტყავის ნაწარმი ნახა, კოლეჯის ფაბ ლაბში შემომთავაზა გადასვლა, სადაც ლაბის ხელმძღვანელმა დავით ხელაშვილმა,  რომელსაც მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, მასწავლა ქორელის პროგრამა და ლაზერულ დანადგართან მუშაობა. ასე დაიწყო ჩემს კოლექციაში ხის და ორგანული მინის სინთეზის სინქრონი, დავიწყე მუშაობა ტყავის, ხის და ორგანული მინის ჩანთების წარმოება. არ მქონდა საკერავი მანქანები, ვმუშაობდი ხელით შესაბამისად შეკვეთების მიღება მიჭირდა.“ - გვიყვება მარიამ თოდაძე.

#აწარმოე_საქართველო

 სწორედ ამ დროს გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება ,,აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში, სადაც ბოლო მომენტში მაღალი კონკურენციის გამო ვერ გავიმარჯვე, თუმცა არ დავნებდი და ერთი წლის განმავლობაში ცოდნის გაღმავება გადავწყვიტე. ვღებულობდი სხვადასხვა ტრეინინგებში მონაწილეობას მარკეტინგის კუთხით, დავეუფლე ქორელ დრავის პროგრამას სრულყოფილად, გავაანალიზე შეცდომები, გეგმები უფრო ნათლად დავსახე და ახლიდან გავგზავნე ბიზნეს იდეა, შრომამაც არ დააყოვნა და დღეს "აწარმოე საქართველოს" კონკურსის გამარჯვებული ვარ.

#რატომ_სოფელი?

ყოველთვის მინდოდა მშვიდ ადგილას ცხოვრება, გათხოვების შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით სოფელში გადმოვსულიყავით, მაგრამ აქ არ გვქონდა განვითარების შესაძლებლობა, შესაბამისად ისევ ქალაქში განვაგრძეთ ცხოვრება, როდესაც ჩემი ბიზნეს იდეის ადგილის განხილვა დავიწყე, გამიჩნდა იდეა, სოფელში დავბრუნებულიყავით და თუ პროექტში გავიმარჯვებდი, სწორედ აქ მინდოდა ფრთები შეესხა ჩემს მიზნებს და ოცნებებს.

#მე_და_ჩემი_მიზნები

ყოველთვის ვთვლიდი, რომ მთავარია გჯეროდეს, გწამდეს, იშრომო, იბრძოლო და ყველაფერს შეძლებ. დღეს მე ორი შვილის დედა ვარ.  7 თვის პატარასთან ერთად  დავდიოდი ყველგან და ისე ვაკეთებდი საქმეს, რომ აქამდე მიმეღწია. მსურს ეს ბევრისთვის მოტივაცია იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში მიზნებისკენ სწრაფვა არ უნდა შევწყვიტოთ.

#ჩემი_ოჯახი

ჩემი ოჯახი ჩემი ძალაა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხარში მიდგას. მინდა აღვნიშნო, რომ სოფელში ყველას ძალიან უხარია ჩვენი საწარმოს გახსნა. საახალწლოდ სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს მასწავლებლებმა მოსწავლეებს. ელოდებიან როდის მივალ იმ ეტაპამდე, რომ ახალგაზრდების  დასაქმებაც შევძლო, მანამდე  უკვე ერთი ნაბიჯი დამრჩა.

#ჩემი_სახელოსნო

სახელოსნოში დღეს დასაქმებული მყავს ჩემი მეუღლე და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გოგონა , რომელსაც ამ ეტაპზე ონლაინ გვერდებზე მუშაობას ვასწავლი, ვცდილობ მარკეტინგული კუთხით გადავამზადო და მის განვითარებასა და ტრეინინგებში ჩართვაზე აქტიურად ვზრუნავ.

ვფიქრობ, ჩემს იდეას ურთიერთგაცვლითი სარგებელი აქვს.

ჩემი სახელოსნო  მე ინოვაციურ ბიზნესის წარმოებაში დამეხმარება, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს თვითგანვითარებასა და დასაქმებაში.

შეუკვეთე მარიამს საჩუქარი ახლობელი ადამიანისთვის. ის მზადაა ნებისმიერი ფორმის, დიზაინის და თემატიკის სუვენირი თქვენთვის სასურველ მასალაში დაგიმზადოთ.

 ეკონტაქტეთ: 574 16 29 38

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 1152 - ჯერ