სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnx.jpg

ტყის გაყინული სოკო - ინოვაციური საწარმო ხარაგაულში

ნიყვი, მიქლიო, ხარისფაშვა, დათვის და მჭადა სოკო - Boletto.ge ტყის სოკოების პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში, მომხმარებელს დაბა ხარაგაულში, არსებულ საწარმოში დამუშავებულ,  შოკურად გაყინულ და გამომშრალ პროდუქციას სთავაზობს.

უკვე ორი წელია ხარაგაულში  საწარმო ,,ფრიზ თი“ ფუნქციონირებს, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს, ახალი სახეობის - გაყინული ფოთლების ჩაის აწარმოებს.

საწარმო ამჯერად მომხმარებელს ტყის სოკოებს სთავაზობს.

პროექტის განხორციელება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ,,ფრიზ თი“ ინოვაციური იდეით - ,,ტყის გაყინული სოკოების საწარმო“, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა.

კომპანია ტყის სოკოებს  როგორც რესტორნებს, ასევე, პირდაპირ მომხმარებლებს ონლაინ მაღაზიის მეშვეობით აწვდის.

,,მიღებული გრანტით, ადგილობრივ შემგროვებლებთან ერთად, ჩვენ ავითვისეთ გამოუყენებელი რესურსი და ხარაგაულის საწარმოში დავიწყეთ ტყის გაყინული სოკოების წარმოება, რომელსაც, როგორც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ასევე ექსპორტზეც გავიტანთ. საწარმოში დასაქმებული არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ტყის სოკოებს საკმაოდ ბევრი მოყვარული ჰყავს საქართველოში, განსაკუთრებული პოპულარობით ნიყვი გამოირჩევა, თუმცა, მაღალი  ღირებულების სხვა სოკოებიც იზრდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შესახებ ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია მომხმარებლებში. ამასთან, აქამდე, ბუნებრივი სეზონის დასრულების შემდეგ ბაზარზე მხოლოდ სათბურის სოკოები იყო ხელმისაწვდომი.“- გვიამბობს ირაკლი დოლიძე, შპს „ფრიზ თი“-ს თანადამფუძნებელი.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,მიმაჩნია, რომ ასეთი პროექტები ხარაგაულისთვის მისი განვითარების თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. მივესალმები ასეთ ინიციატივიან ბიზნეს ჯგუფებს და კომპანიებს. ეს არის საწარმო, რომელიც დაინტერესებულია ტყის პროდუქტის შესყიდვით, რაც  ადგილობრივებს საშუალებას აძლევს დაკავდნენ კენკროვნების მოპოვებით, რაც კანონით არაა აკრძალული.“

კომპანია მომხმარებლებს ტყის სოკოებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს. სეზონზე ცოცხალი სახით, სეზონის შემდეგ შოკურად გაყინულ და გამშრალ ფორმებში. ძირითადი პროდუქტებია ნიყვი, მიქლიო, ხარისფაშვა, დათვის და მჭადა სოკოები. თუმცა, როგორც ირაკლი დოლიძე ამბობს ტყის სოკოების მრავალფეროვნება შესაძლებლობას იძლევა, რომ  მომხმარებლებს სიახლეები შესთავაზონ.

ირაკლი დოლიძე: ,,ტყის სოკოებს სეზონის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვიბარებთ ადგილობრივი შემგროვებლებისგან, შემდეგ დაბა ხარაგაულში, ჩვენს საწარმოში ვამუშავებთ და ან შოკურად ვყინავთ ან ვაშრობთ. ტყის სოკოების კომერციალიზაციის მიმართულებით 2016 წლიდან ვმუშაობთ. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე გვესტუმრნენ იტალიელი და ესპანელი პროფესიოანლი მიკოლოგები, ასევე, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობით ქართველ მიკოლოგებთან. ჩვენი მიზანია ტყის სოკოების და ტყის სხვა არა-მერქნული პროდუქციის პოპულარიზაცია ქართულ ბაზარზე.

წელს სეზონზე წვიმის ნაკლებობის გამო სოკოსთვის კარგი სეზონი არ იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა რეგიონში მუშაობისა და ბევრ მომწოდებელთან თანამშრომლობის ხარჯზე მაინც შევძელით საჭირო რაოდენობებისა და ხარისხის სოკოს ჩაბარება. რესტორნებისთვის სოკოს მიწოდება 2022 წლის ბოლოსთვის დავიწყეთ, უკვე რამდენიმე რესტორანმა დაამკვიდრა ტყის სოკო საკუთარ მენიუში. ონალინ მაღაზია სულ რამდენიმე დღეა რაც ავამუშავეთ და უკვე ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ, ყოველდღიურად იზრდება მომხმარებელთა რიცხვი.

ტყის სოკოები ველურ ბუნებაში იზრდება და შესაძლოა მათი ვიზუალური მხარე და ფორმები ისეთივე იდეალური არ იყოს როგორც სათბურის სოკოების, თუმცა, მათ მდიდარი გამოვნური თვისებები და მაღალი ნუტრიციული ღირებულება გამოარჩევს, რაც ტყეში არსებული სოკოს მკვებავი ნივთიერებების მრავალფეროვნებით არის განპირობებული.

ტყის სოკოები ბევრად უფრო მნიშვნელოვან და ღირებულ ადგილს იკავებენ სხვადასხვა ქვეყნის კულინარიაში. ეს ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ამასთან, ტყის სოკოებს ვიტამინებისა და მინერალების ძალიან მაღალი შემცველობა აქვს და ცილის მიღების კარგი ალტერნატიული წყაროა, რაც მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით კი, მარხვაზე მყოფთათვის, ვეგეტარიანელებისთვისა და ჯანსაღი პროდუქტების მოყვარულებისთვის კარგი სიახლეა."

ონლაინ მაღაზიაში ტყის სოკოებთან ერთად, კომპანიის ინოვაციური პროდუქტი ცოცხლად გაყინული ფოთლების ჩაი - Freeze Tea-ც იყიდება. Freeze Tea-ს ექვსი სახეობა არის ხელმისაწვდომი ჩაის ფოთლებისა და აგრო (ქართული ვარდი, პიტნა) და ტყის (ველური მოცვი, ცაცხვის ყვავილები) პროდუქტების ნაზავებით დამზადებული.  კომპანია ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, რომელიც ცოცხლად გაყინული ფოთლების ჩაის ამზადებს. საუცხოო გემოვნურ თვისებებთან ერთად, Freeze Tea-ს ჩაი გამოირჩევა მაღალი ნუტრიციული ღირებულებითა და ანტიოქსიდანტების სიმდიდრით.

,,ფრიზ თი"  ტყის სოკოებისა და ტყის პროდუქტების გარშემო მრავალმხრივ განვითარებას, სეზონზე  სოკოს ტურების განხორციელებას, და, ასევე, სხვადასხვა რესტორანში ტყის სოკოს საღამოების მასპინძლობას გეგმავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 1084 - ჯერ