სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს.
აღწერა ორეტაპიანია. 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე მონაცემების შევსება მოქალაქეებს თავად შეეძლებათ სპეციალურ ვებსაიტზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე კი საქსტატის თანამშრომლები კარდაკარის პრინციპით გამოჰკითხავენ მოსახლეობას.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები - 2026 წლის ივნისში.
აღწერის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობისა და სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის შესახებ, სხვადასხვა დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით.
აღწერის ფარგლებში ასევე შეგროვდება ინფორმაცია, შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ - მიწის სტრუქტურის, მრავალწლიანი ნარგავების და ვაზის ჯიშთა რაოდენობის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
აღწერის შედეგად ხელმისაწვდომი იქნება უახლესი მონაცემები თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.
აღწერები ტარდება ქვეყნის განვითარებისთვის, გეგმებისა და პროგრამების განხორციელების ხელშესაწყობად. აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელების შესაფასებლად.
საყოველთაო აღწერა ქვეყანაში ყოველ 10 წელში ერთხელ ტარდება. ბოლო კვლევა 2014 წელს ჩატარდა.