სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dasaqmeba_w_h.jpeg

ხარაგაულის საკრებულო სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საქმისწარმოების საკითხებში, ერთ ვაკანტურ პოზიციაზე, სტაჟიორის შესარჩევი კონკურსი ცხადდება. სტაჟიორის ანაზღაურება: თვეში 438 ლარი იქნება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.hr.gov.ge

-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიის მეშვეობით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ და შეავსოთ განაცხადი აღნიშნულ ვებგვერდზე.

სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი , საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება – საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.

 

ნანახია: 122 - ჯერ