სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6649.JPG

2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა

2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ბიუჯეტის განხილვას და დამტკიცების პროცესს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ესწრებოდა.
დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
2026 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 24 მილიონ 704 ათასი ლარით განისაზღვრა. 2026 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 2 935 ათასი ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 3 260 ათასი ლარი, სკოლამდელ დაწესებულებათა ფუნქციონირებაზე - 4 522 ათასი ლარი, ხოლო კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის მიმართულებით - 3 892 ათასი ლარი დაიხარჯება.
მერის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის როლზე, როგორც განვითარების მთავარ ინსტრუმენტზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც მერია იღებს მოსახლეობის საჭიროებებზე პასუხების ეფექტურად გასაცემად.
„2026 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნობრივ ინიციატივებზე, რომლებიც ხარაგაულის ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო მიმართულებებს დამატებით იმპულსს შესძენს. მნიშვნელოვნად გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერებისა და სხვადასხვა ფონდებიდან მოზიდული დამატებითი რესურსების ხარჯზე, რაც დაგეგმილი პროექტების სრულფასოვან განხორციელებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე ისაუბრა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.
მისი განცხადებით, რეორგანიზაცია შეეხება მერიის თითქმის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და მისი მიზანია ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია, რესურსების უფრო ეფექტიანი გადანაწილება და შედეგად, სამუშაო პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესება.
რეორგანიზაციის დეტალურ გეგმას ხარაგაულის მერია საკრებულოს იანვრის განმავლობაში წარუდგენს.
ნანახია: 130 - ჯერ