სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/27122021012.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხი ადმინისტრაციული ერთეულის საკადასტრო მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

საქართველოს კანონის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით, განისაზღვრა მიწის სისტემური რეგისტრაციის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მიწის ნაკვეთებზე არსებული მონაცემების დაზუსტებას, საკადასტრო მონაცემთა ბაზის სრულყოფას და მოქალაქეების საკუთრების უფლებების რეგისტრაციის გამარტივებას.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საველე და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები, რომელთა შედეგად მომზადდა შესაბამისი საკადასტრო რუკები და მონაცემები მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა შესახებ.

ამ პროცესის ფარგლებში სამუშაოები განხორციელდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც (სარეგისტრაციო ზონა – 36). კერძოდ, მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერა, აგეგმვა და მონაცემთა დამუშავება განხორციელდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ხევის (სარეგისტრაციო სექტორი 05), მოლითის (სარეგისტრაციო სექტორი 17), წიფას (სარეგისტრაციო სექტორი 19) და ნადაბურის (სარეგისტრაციო სექტორი 20) ადმინისტრაციულ ერთეულებში. აღნიშნული სამუშაოების შედეგად შედგენილია საკადასტრო რუკები, სადაც ასახულია მიწის ნაკვეთების საზღვრები, ასევე მითითებულია მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მონაცემები.

საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მომზადებული საკადასტრო რუკები და შესაბამისი მონაცემები საჯაროდ ქვეყნდება და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე napr.gov.ge , სისტემური რეგისტრაციის პორტალზე slr.napr.gov.ge, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებში და იუსტიციის სახლებში (არსებობის შემთხვევაში).

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, საკადასტრო რუკის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, ერთჯერადად მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვონ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმება იმ შემთხვევაში, თუ მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი მონაცემები საჭიროებს დაზუსტებას ან კორექტირებას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიწის ნაკვეთებზე უფლებების რეგისტრაცია განხორციელდება საკადასტრო რუკაზე ასახული ინფორმაციის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარეობს საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.

 

ნაკვეთების სია

 

ნანახია: 17 - ჯერ