ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, სოციალური პროგრამები, ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტები და ადმინისტრაციული საკითხები განიხილეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს დაავალა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად აწარმოონ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტის ზრდასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული დახმარების ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი საშეშე მერქნით დახმარების პროგრამის განხორციელებას განაგრძობს. პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილი კომისია ბენეფიციარებს განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს, შერჩეულ პირებს კი საშეშე მერქნის შესაძენად ფულადი დახმარება გადაეცემათ.
მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს ასევე გააცნო ის პროექტები, რომელთა დაფინანსებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გათვალისწინებული. პროექტები მერის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი საჭიროებების საფუძველზე დაიგეგმა. ამ ეტაპზე მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.
სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების საკითხებს. მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს მოუწოდა, სათანადო ყურადღება მიაქციონ დოკუმენტაციის დროულ და მოწესრიგებულ წარმოებას, დაკისრებული მოვალეობების შესრულებასა და სამუშაო დისციპლინას.
შეხვედრას მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი და აუდიტის სამსახურის უფროსი აკაკი ლურსმანაშვილი ესწრებოდნენ.