ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ხარაგაულის მერმა სტუმრებს დევების მონუმენტის მიმდებარე რეკრეაციულ სივრცეში უმასპინძლა.
კობა ლურსმანაშვილმა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძესთან, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
დღესასწაულის მთავარი სივრცე ხარაგაულის ცენტრალურ პარკში იყო წარმოდგენილი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები დახვდათ.
პარკის სხვადასხვა სივრცეში მოეწყო საბავშვო, სპორტული, თეატრალური და კულტურული აქტივობები; წარმოდგენილი იყო იმერული ტრადიციული გარემო, ხარაგაულის ფოტო-მატიანე, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრები, ხარაგაულის სოფლების თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ტილოები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
დღესასწაულზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილმა კუთხეები, სადაც წარმოდგენილი იყო ხარაგაულის სოფლების ტრადიციები და მრავალფეროვანი სამზარეულო.
დღესასწაულის საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები: „ხარაგაულის ხმები“, ანსამბლი „საუნჯე“, ხარაგაულის კვარტეტი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ქორეოგრაფიული ანსამბლები „უბისი“ და „მთიები“.
კონცერტს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.