ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად საახალწლოდ მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა განიხილეს. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 1 000 მოქალაქეს გაუწევს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.
მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს მოუწოდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ დახმარების მიმღებთა შერჩევის პროცესს, ყურადღებით შეისწავლონ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და პრიორიტეტი მიანიჭონ იმ მოქალაქეებსა და ოჯახებს, რომლებსაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესრულების მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების დაახლოებით 60 პროცენტი დასრულებულია, ხოლო დარჩენილი პროექტების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
ვარლამ ჭიპაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.