სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcghjmcgn.JPG

ეკოტურიზმის განვითარება ხარაგაულში

25 თებერვალს ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ილია ოქრომელიძემ, ხარაგაულელ ახალგაზრდებთან, შოთა ხარატიშვილთან და შაკო ჩხეიძესთან ერთად, ხარაგაულში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრისა“ და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი, ილია ოქრომელიძე, შოთა ხარატიშვილი და შაკო ჩხეიძე, სამი დღის განმავლობაში, საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის დაკვეთით მარელისის, ლეღვანის და ფარცხნალის მოსახლეობას ხვდებოდნენ.  USAID-ის დაინტერესება ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივამ განაპირობა, რომელიც სოფელ სახვლარში და საერთოდ ხარაგაულში ეკოტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.

შეხვედრებზე გამოიკვლიეს თუ რა პოტენციალი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას ტურიზმის განვითარების კუთხით, რა შეუძლიათ შესთავაზონ მათ ხარაგაულში ჩამოსულ ტურისტს, რა პრობლემები აწუხებთ და რა მიმართულებით ისურვებდნენ განვითარებას.

როგორც ილია ოქრომელიძემ შეხვედრაზე განაცხადა, მოსახლეობას აქვს სურვილი განავითაროს ტურისტული სერვისები და შემოსავალი მიიღოს, თუმცა არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც უჭირთ. ეს პრობლემებია საგზაო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის არარსებობა, მტაცებელი ცხოველები და კერძო საკუთრების დარეგისტრირება. 

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა ორგანიზაციასთან გაიმართება მოლაპარაკებები.

მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მერიის სამსახურები იმუშავებენ, რომ სოფელ სახვლარამდე საგზაო ინფრასტრუქტურა მომავალი წლის ზაფხულამდე მოწესრიგდეს.

ფარცხნალის მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ფარცხნალიდან ეროვნული პარკის მიმართულებით გაკეთდეს ტურისტული ბილიკი. როგორც შაოთა ხარატიშვილმა აღნიშნა, ეს მიმართულება მნიშვნელოვანი იქნება იმით, რომ ტურისტებს არ მოუწევთ მდინარეების გადალახვა დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელად.

ადგილობრივ მოსახლეობას, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით, შესაძლებლობა მიეცემა განავითაროს უკვე არსებული ტურისტული სერვისის მიწოდება (საოჯახო სასტუმრო, ცხენით სარგებლობა, გაყიდოს ნაწარმი,  და ა.შ.) ან შექმნას ახალი ვისაც ამის სურვილი ექნება. ორგანიზაცია, ასევე, დაეხმარება მათ ტურისტულ სერვისის მიმწოდებლად დარეგისტრირებაში.

პროექტის შემდეგი საფეხური ხარაგაულში ტურისტული სერვისების მიწოდებით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგ მოდულების შექმნა და ჩატარება იქნება. პროექტის დასასრულს, დამზადდება ტურისტული რუკა, ბროშურები, რომლებიც უკვე არსებულ ტურისტულ ცენტრებში გავრცელდება.

ეკოტურიზმის ასოციაციის ძირითად საქმიანობას, ახალი ეკოტურისტული პროდუქტის შექმნის გზით, საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ნანახია: 6644 - ჯერ