წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0735.JPG

დეპუტატებმა ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა, ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

ინფორმაციის გაცნობის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა კომისიის დასკვნა წარმოადგინა.

მისი განცხადებით ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესახებ ინფორმაციაში მხოლოდ მშრალი ციფრებია წარმოდგენილი და იგი არ იძლევა სიღრმისეული შეფასების საშუალებას.

ვარლამ ჭიპაშვილმა  ასევე შენიშვნები გამოთქვა  მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დაბალ ტემპზე და მეწარმეებისთვის წინასწარ გაცემულ ავანსებზე. მისი განცხადებით, 3 თვის მაჩვენებლით საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაგეგმილი სამუშაოების, დაახლოებით, 25%-მდე შესრულდა. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ამ დრომდე არცერთი თეთრი არ გახარჯულა, არ გაუმჯობესებულა  მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა და მოუწესრიგებელია გარე განათების სისტემა.

სხდომაზე ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ დამსწრე საზოგადოებას  კომისიის დასკვნა გააცნო და დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს ასევე, დეპუტატებმა: ლადო ტალახაძემ, გივი ხიჯაკაძემ, ვახტანგ ტალახაძემ, ლენა აბაშიძემ, დოდო ხაჩიძემ და ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილმა.

მათ მიერ დასმულ კითხვებს  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემურ თაბუკაშვილი პასუხობდა. მან დეპუტატებს დეტალურად გააცნო რა ეტაპზეა ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რა სანქციების გატარება  იგეგმება მუნიციპალიტეტის მხრიდან. თემური თაბუკაშვილის განცხადებით,  პროექტების შესრულების დაბალი მაჩვენებელი არაკეთილსინდისიერი მეწარმეებითაა გამოწვეული, რომლებმაც  ერთდროულად რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვეს და სამუშაოების შესასრულებლად არ გაზარდეს არც ტექნიკისა და არც მუშა ხელის რაოდენობა. „მეწარმეებს ხელშეკრულების ვადები გადაეწიათ და განესაზღვრათ საბოლოო ვადები, რომელიც როგორც სამხარეო ასევე შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლებლთან შეთანხმებით გადაწყდა. თუ ამჯერადაც ვერ შეასრულებენ  ნაკისრ ვალდებულებებს, მათ ხელშეკრულება შეუწყდებათ.“ განმარტა სამსახურის უფროსმა.

მიხეილ ჭიპაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ნორმალურ რეჟიმში სრულდება და ამ მიმართულებით სოფელში პრობლემები არ არის.  მან ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში კარიერების გამოყოფის მნიშვნელობაზე. მიხეილ ჭიპაშვილის თქმით, მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აირჩია სასოფლო გზის დახრეშვა, რის გამოც საჭიროა ზესტაფონში ჩავიდეს მეწარმე და იქ შეიძინოს საჭირო მასალა, რაც ძალიან ძვირი ჯდება. 

3 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხარაგაულში განათლებისა და კულტურის სფერო ერთ-ერთი წარმატებულია. მისი ინფორმაციით, მოსაწესრიგებელია ბორის სკოლა-პანსიონში არსებული საბავშვო ბაღი, რომელიც არ შედის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღის აღმზრდელების დაბალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება. აღნიშნულ საკითხთან   დაკავშირებით დეპუტატებმა მოითხოვეს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ ბაქოს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის დაფინანსების გაზრდა 5 000 ლარით. აღნიშნული მოთხოვნა მერიამ გაითვალისწინა, რის შედეგადაც ანსამბლი „უბისის“ გამგზავრება ქალაქ ბაქოში  10 000 ლარით გადაწყდა.

სხდომაზე დეპუტატებმა მუხლობრივად უყარეს კენჭი და დაამტკიცეს სალოტბარო სკოლაში დასაქმებულთა ხელფასებისათვის 13 800 ლარით   დაფინასების საკითხი.  ასევე, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისთვის ახალი ექსპონატების შეძენისთვის  და საგამოფენო დარბაზის განათებისთვის 10 000 ლარით სუბსიდირებისა და  ხარაგაულის სახალხო თეატრის ლატვიაში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის  4 500 ლარით დაფინანსების საკითხები.

სხდომაზე იმსჯელეს ასევე, სალოტბარო სკოლის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, საკითხი კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარადგინა, რომლის მიხედვითაც დეპუტატებმა თანხმობა მისცეს მერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს შორის სალოტბარო სკოლის ჩამოსაყალიბებლად მემორანდუმის გასაფორმებლად.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ ასევე, თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტის მერს იუსტიციის სამინისტროზე 1450 კვ.მ მიწის ფართობის 30 წლით უსასყიდლო-უზურფრუქტით გადაცემის საკითხს.

როგორც სხდომაზე მომხსენებელმა მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა, მაია ალავიძემ განაცხადა დაბა ხარაგაულში იუსტიციის სამინისტრო გეგმავს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას, რისთვისაც სჭირდება აღნიშნული ფართი.

სხდომაზე წარდგენილი საკითხები დეპუტატებმა დაამტკიცეს.

 

 

ნანახია: 5516 - ჯერ