12 აპრილს, ხარაგაულში, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი”-ისა და დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ორგანიზებით დაბა ხარაგაულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო აქცია, ხრაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც 114 ბენეფიციარმა მიიღო მაღალი ხარისხის მომსახურება. მათ ასევე, გაეწიათ ექიმის კონსულტაცია.
აქციაში კორპორაცია „ევექსის“ ქუთაისის წამყვანი ექიმები მონაწილეობდნენ: დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ ვაშაყმაძე, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგები, ელისო ჩაფიძე და სალომე ბენიძე, ანგიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით კოვზირიძე, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩეჩელაშვილი, ქუთაისის რეგონალური ჰოსპიტალის ოფთალმოლოგი, ნათია დავითულიანი, ონკოლოგიის ცენტრის რადიოლოგი რუსუდან ძოწენიძე, გინეკოლოგი შორენა სიხარულიძე.
კორპორაცია „ევექსის“ რეგიონალური წარმომადგენლის, თამარ ჩინჩალაძის ინფორმაციით, ასეთი სახის აქცია ხარაგაულში კიდევ დაიგეგმება, რომელიც სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.
აქციის პარალელურად, კარდიოქირურგმა, ნიკოლოზ ვაშაყმაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ოჯახის ექიმებისთვის ლექცია-სემინარი ჩაატარა. სადაც კარდიო პაციენტების მართვის პრინციპებზე, კარდიოქირურგიული დეპარტამენტის მიღწევებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.