კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/260699n.jpg

ლიტერატურულმა თეატრმა ხარაგაულში ცნობილი ხატმწერი მოიწვია

დღეს ინოვაციების ცენტრში ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მოწვევით ცნობილ მხატვართან, ხატმწერ და ხატმჭედ, შალვა გერაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მამა თომა (ლაცაბიძე) ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი, რეჟისორი, ირაკლი ლომსაძე, ჟურნალისტი, ვანო ჯაფარიძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა:

„შალვა გერაძე დაიბადა სამტრედიაში, ჯერ კიდევ სამი წლის იყო ხატვა რომ დაიწყო, ხატავდა მარცხენა ხელით, 12 წლის ასაკში პირველი ქანდაკება გააკეთა, ხოლო 14 წლისამ ქუთაისის სამხატვრო სკოლაში ჩააბარა. დაამთავრა სამხატვრო აკადემია, იყო გამორჩეული სტუდენტი, სადაც კათედრაზე მუშაობა შესთავაზეს, თუმცა პრაქტიკული მუშაობა ერჩია და  საკონსტრუქტურო ინსტიტუტში გადავიდა დიზაინერად. მიაღწია ბევრ წარმატებას, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შვილის რჩევით ფერწერაში დაიწყო მუშაობა. დღეს, კი მის მიერ მოჭედილი ხატი საქართველოს თითქმის ყველა ტაძარშია დაბრძანებული. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია და დღეს ხარაგაულშია.“

მამა თომა (ლაცაბიძე): „მადლობა უფალს, რომ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი ადამიანები იბადებიან. დარწმუნებული ვარ თუ სულიერება არ გაგაჩნია ამას ვერ შეძლებ. უფალმა მოგცათ ეს ნიჭი და ნამდვილად ღირსეულად უბრუნებთ.“

შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ირაკლი ლომსაძის ფილმი, რომელიც შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

ნანახია: 2141 - ჯერ