საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1297.JPG

გერმანიაში დასაქმების მსურველ ხარაგაულელ აპლიკანტებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ხარაგაულში გერმანიაში დასაქმების მსურველებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
 შეხვედრა, რომელსაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული ბენეფიციარები ესწრებოდნენ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ჩაატარა. 
 სააგენტოს შრომითი დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბედავამ დასაქმების მსურველებს დეტალურად განუმარტა საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შრომითი შეთანხმების პირობები.
 ხარაგაულში მათ მიერ შეთავაზებულ იქნა კონკრეტული ვაკანსია - ეს არის კენკროვანების კრეფა და მცენარეების დარგვა, თუმცა, გიორგიმ ხაზგასმით განმარტა, რომ საბოლოოდ, გერმანულ მხარესთან შეთანხმებით, შესაძლებელია, სხვა ვაკანსიების შეთავაზებაც მოხდეს.
 დამსაქმებელი მუშაობს 90 კალენდარული დღე, ანუ სამი თვე. დღეში - 8 საათი, შესვენება 30 წუთი. კვირაში 6 დღე, დასვენება - ერთი დღე.
 მინიმალური ხელფასი შეადგენს ერთ საათში 9,50 ევროს, საიდანაც იბეგრება საშემოსავლოს 5%.
 იმ კონკრეტულ ვაკანსიაზე, რომელიც ხარაგაულში იქნა წარმოდგენილი, დასაქმებულებს არ აუნაზღაურდებათ ბინის საფასური, რომელიც თვეში 150 ევროს შეადგენს. ბინა არის სამუშაო ადგილთან ახლოს და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით და ტექნიკით. გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელთან შეთანხმებით კომუნალურ გადასახადებს იხდის დასაქმებული.
ასევე, კიდევ ერთი დადებითი მაჩვენებელი იმ ვაკანსიისა, რომელიც ხარაგაულში არის წარმოდგენილი არის ის, რომ დამსაქმებელი უზრუნველყოფს ერთ კვებას - საუზმეს. როცა სხვა შემთხვევაში ეს არ არის გათვალისწინებული. ამით დღეში 15 ევრომდე თანხა შეიძლება დაიზოგოს.
 25 მარტიდან ხარაგაულის მერიაში იწყება დარეგისტირებული აპლიკანტების მეორე ეტაპი - ბაზაში რეგისტრაცია, რომლის ტექნიკურ უზრუნველყოფას მოახდენს მერის თანაშემწე ჟანა ნემსაძე.
 გაითვალისწინეთ, რომ მეორე ეტაპის რეგისტრაცია უნდა მოხდეს წინასწარ ჩაწერის საფუძველზე, რის გამოც უნდა დარეკოთ ნომერზე -5 95 902720.
25 მარტიდან ზემოთ აღნიშნული რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 10 სამუშაო დღის ვადაში, ამის შემდეგ განხილვას იწყებს გერმანული მხარე და გეცნობებათ პასუხი. თუ დააკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას და სწორად და თანმიმდევრულად გაივლით დეტალებს, შერჩეული ნაკადი გერმანიაში გაემგზავრება 1 მაისს. 
 დღესვე შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს შეხვდნენ და მადლობა გადაუხადეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის, ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერისთვის და ინფორმაციის სწორად, დროულად და ეფექტურად გავრცელებისთვის.
 შეხვედრაზე გიორგი გაბედავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცედურების, რეგისტრაციის და ინფორმაციის სწორად მიწოდებაში დიდი როლი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას.
დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პოტენციური დასაქმებულების უკან დაბრუნების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ ბენეფიციარმა აუცილებლად უნდა შეიძინოს, როგორც გამგზავრების, ასევე, უკან დასაბრუნებელი ბილეთი. 
„კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მოახდინოთ აპლიკანტების ინფორმირება იმ კუთხით თუ, რა საფრთხეს წარმოადგენს, დსაქმებულის განზრახვა - გადაწყვიტოს დარჩენა და დაარღვიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. თუ ასეთი შემთხვევები გვექნება, ისინი საფრთხეს შეუქმნიან თავისივე მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ პროგრამით და მიიღონ ის სიკეთე, ფინანსური რესურსი თუ გამოცდილება, რასაც საქართველომ და გერმანიამ ერთობლივი შრომითი ხელშეკრულებით მიაღწიეს“- მიმართა გიორგი გაბედავამ ხარაგაულის მერს, რაშიც კობა ლურსმანაშვილის მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღო.
ნანახია: 2231 - ჯერ