საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/xdfgdf.JPG

საქარიქედზე, იგორეთსა და ბაზალეთში წყლის ჭაბურღილები მოეწყობა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში და მათ შორის ხარაგაულში პილოტურ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სოფელ საქარიქედზე, იგორეთსა და ბაზალეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით წყლის ჭაბურღილები მოეწყობა.

ორგანიზაცია ხარაგაულში, სათემო პროექტის განხორციელების მიზნით, 20 ათასი დოლარის ღირებულების გრანტს შემოიტანს.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე სოფლებში მთავარი პრობლემა წყალი, ჭაბურღილების მოწყობა და წყლის სისტემის მოწესრიგებაა. კვლევა იმ სოფლებში ჩატარდა, რომელიც საპილოტედ შეირჩა.

ხარგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი: ,,ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი სოფლებში სასმელი წყლის პრობლემას აქვს. მართალია, ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მაგრამ სოფლის დონეზე სასმელი წყლით უზრუნველყოფა კვლავ პრობლემად რჩება.“

ციური ანთაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი: ,,კვლევამ გვიჩვენა, რომ სოფელს აქვს ბევრი საჭიროება ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, თუმცა რანჟირების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე დიდი პრობლემაა წყალმომარაგების სისტემის სრულყოფა. მაგალითად, სოფელ იგორეთში მოსახლეობა ჩიოდა რომ ამ პრობლემის გამო მუდმივად ხდება მიგრაცია სოფლიდან. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. დღეს ჩამოსულები ვართ იმისათვის რომ მოხდეს საბოლოო შეჯერება თუ რა პროექტს განვახორციელებთ. სამივე სოფელში პრიორიტეტად დასახელდა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, რათა გავაცნოთ კვლევის შედეგები.“

პაატა შარაშენიძე პროექტის ასისტენტი: ,,მერიის ჩართულობა თავიდანვე იყო ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი, მომდევნო ეტაპია ხარჯთაღრიცხვის გაკეთება და პროექტის მომზადება, რომლის საფუძველზეც ჩვენმა ორგანიზაციამ უნდა გამოაცხადოს ტენდერი. ამ საკითხშიც მერიის დიდი თანამონაწილებაა. ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ის პრობლემები რაც მოსახლეობას აწუხებს დარეგულირდეს და კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. მოსახლეობის ჩართულობა გამოიკვეთება იმით, რომ განახორციელონ მონიტორონგი ჭაბურღილის გაკეთების პროცესში და თანადგომა გამოუცხადონ აქ მომუშავე პირებს.”

როგორც მერის მოადგილე, დავით დევდარიანი განმარტავს, მერია მოახდენს პროექტების თანადაფინანსებას ტექნიკური, ადამიანური თუ ფინანსური რესურსით და საერთო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროგრამა მოსახლეობის ინტერესზე იყოს მორგებული.

პროექტის ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით.

პროექტი დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

 

ნანახია: 1652 - ჯერ