11 ოქტომბერს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ხარაგაულის ტურისტული და ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ამერიკის საელჩოს, USAID- ის, ეკოტურიზმის ასოციაციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ასევე, ხარაგაულელი ახალგაზრდები, რომელთაც ხარაგაულის, კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე სოფელ სახვლარის განვითარების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხარაგაულში ვიზიტისას წარუდგინეს. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა დღევანდელი შეხვედრის გამართვის იდეა.
შეხვედრაზე შაკო ჩხეიძემ და შოთა ხარატიშვილმა აღნიშნული იდეის მნიშვნელობასა და დამაბრკოლებელ მიზეზებზე ისაუბრეს.
ხარაგაულის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოაჩინა ისტორიის პედაგოგმა, ზეინაბ ბუაჩიძემ. მისი ინფორმაციით, ხარაგაულის 18 სოფელში მოიპოვება წყლები, რომლებიც სხვადასხვა სახის დაავადებებს კურნავს.
როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, პროდუქტების ფალსიფიკაცია და სოფლის მეურნეობის დარგების განუვითარებლობაა.