4 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
პირველი საკითხი მერიის მიერ 2018 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შეფასების შესახებ ინფორმაცია გახლდათ. საკითხი სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, ზურაბ იჩქიტიძემ წარადგინა.
ზურაბ იჩქიტიძის განმარტებით, გასულ 2018 წელს მუნიციპალიტეტის მერიამ შეასრულა 112 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტი, რომელთაგან 64 შედგა, 2-შეწყდა, ხოლო-12 მათგანი უარყოფითად დასრულდა, 33 ტენდერი კი, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ვერ შედგა. ერთი ტენდერი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა ძირითადი შენიშვნები რამდენჯერმე გამოცხადებულ, არ შემდგარ ტენდერებზე, პროექტების ხშირ გადავადებებზე და უპასუხისმგებლო ინდმეწარმეებზე გამოთქვეს, რომლებმაც პროექტები მიატოვეს და ხელშეკრულება არ შეწყვეტიათ.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით კიკნაძე აღნიშნავს, რომ საღანძილე-ზარანის დამაკავშირებელ ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა: „მაინტერესებს სატენდერო კომისიამ რა შეცვლა, როდესაც პროექტი რამდენჯერმე ჩაიშალა. მოგეხსენებათ ხიდი დაზიანდა წყალდიდობის შედეგად, თანხები დროულად გამოიყო სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან და შესაბამისად ეს საკითხი დაჩქარებული წესით უნდა მოგვარებულიყო“ - განაცხა დავით კიკნაძემ.
ზურაბ იჩქიტიძის განმარტებით, აღნიშნული პროექტის შესყიდვაზე ტენდერი თავიდან 5 ათასი ლარზე გამოცხადდა, რომელიც ყოველ ჯერზე იზრდებოდა და 8 ათას ლარამდე ავიდა. მისივე თქმით იყო მცდელობა ასევე პროექტის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ინდმეწარმეებმა უარი განაცხადეს, რადგან შესყიდვების სააგენტო აწესებს რეგულაციებს, რომელიც ინდმეწარმეებისთვის არც ისე ხელსაყრელია.
საკრებულოს „ფრაქცია ქართულ ოცნება-დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა გოგოლაძის აზრით რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანმიმართულად ფერხდებოდა შესყიდვების მიმდინარეობა „საბოტაჟს ვერ დავარქმევ, მაგრამ ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო პროექტების შესყიდვისას, რადგან ვფიქრობ უფრო მარტივად შეიძლებოდა პროექტების შესყიდვა.“
პაატა გოგოლაძე ასევე დაინტერესდა, მიმდინარე წელსაც, ხომ არ განმეორდება იგივე და ტენდერები ხომ არ ჩაიშლება?
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტები სათანადოდ არ არის მომზადებული „პროექტები შესაბამისად არ არის მომზადებული, ისევე როგორც, არ არის სწორად დათვლილი საბაზრო ღირებულება და სწორედ ამ მიზეზით ხდება პროექტების დაწუნება.“
ზურაბ იჩქიტიძის განმარტებით, არშემდგარი ტენდერების მიზეზი ფასები იყო და არა დოკუმენტაციის არასათანადოდ მომზადება. „პროექტები, რომ მაღალი ხარისხით შესრულებულიყო, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევების აუცილებლობა მოვითხოვეთ. ეს კვლევები დამპროექტებელს ხარჯებს უზრდის, რაც გახლდათ ალბათ ერთ-ერთი მიზეზი არშემდგარი ტენდერების“ - აღნიშნა შესყიდვების განყოფილების უფროსმა.
ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, 2018 წელს რამდენიმე პროექტის გადავადება მოხდა, რომლის მიზეზად ინდმეწარმეები ძირითადად ნალექს ასახელებდნენ. იგი მიიჩნევს, რომ ნალექი არ უნდა იყოს სამუშაოების შესრულებისათვის შემაფერხებელი. ვარლამ ჭიპაშვილმა ასევე ისაუბრა არაკეთილსინდისიერ ინდმეწარმეებზე, რომლებმაც პროექტები არ დაასრულეს და მიუხედავად ამისა, არ მომხდარა ხელშეკრულებების შეწყვეტა.
სხდომაზე, საბოლოოდ დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით შესყიდვების ანგარიში უარყოფითად შეფასდა.
სხდომაზე ასევე განიხილეს სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები. ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა.
ნანა კიკნაძის განმარტებით, შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებულ პაციენტებზე მედიკამენტების შესაძენად მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა და ამ მედიკამენტების შეძენა მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებიდან აღარ გაგრძელდება.
მისივე განცხადებით სოციალურ პროგრამებს დაემატა განსაკუთრებით მძიმე შეზღუდვის მქონე შშმ პირების დახმარება, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს ან მეთვალყურეს და არ არიან სოციალური შემწეობის მიმღები, მათ მუნიციპალიტეტის მერია თვეში 30 ლარის ოდენობით დაეხმარება.
დეპუტატებმა სხვადასხვა ნაწილში განიხილეს საკრებულოს ფრაქციების „თვითმმართველობა ხალხისთვის“ და „ძალა ერთობაშია“ საერთო განცხადება. განცხადებაში ფრაქციების თავმჯდომარეები, ინგა მაღრაძე და თორნიკე ავალიშვილი დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევას მოითხოვენ, რათა შესწავლილი იქნას მერისა და მერიის სამი წლის საქმიანობა.
როგორც, თორნიკე ავალიშვილმა განმარტა, საკრებულოს უმრავლესობას კითხვები და შენიშვნები აქვს მერისა და მერიის სამსახურების მიმართ: „უამრავი კითხვები არსებობს, უარყოფითად აფასებთ სამსახურების საქმიანობას, ჩვენ მოგმართავთ, რომ მოვიწვიოთ დამოუკიდებელი აუდიტი და შეისწავლოს მათი საქმიანობა, რათა ერთხელ და საბოლოოდ გაეცეს კითხვებს პასუხები“.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა გოგოლაძის თქმით დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა გაიმართება და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.