ხარაგაულში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის შესაძენად საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „არქ დიზაინ მშენთან“ - ხელშეკრულება გაფორმებული.
პროექტის ღირებულება 180 000 ლარს შეადგენს. საპროექტო სამუშაოების განხორციელების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.
პროექტის ფარგლებში ლეღვნის სათავე ნაგებობიდან სოფელ დიდვაკეში, საღანძილესა და დაბა ხარაგაულში შემომავალი წყლის სისტემის მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რის შემდეგაც მოსახლეობა ხარისხიან წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. მოხდება ასევე რეზერვუარის მოწყობა და კორპუსების შიდა გაყვანილობის აღდგენა.
ხარაგაულში სულ, წყლის ორი სათავე ნაგებობაა: ლეღვნის და პატარა ხარაგაულის. ნალექის მოსვლის შემთხვევაში ლეღვნის სათავე ნაგებობაში წყალი იმღვრევა, რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრი წყლის მიწოდებას აჩერებს და ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. მეორე სათავე ნაგებობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და ამ წყლით მხოლოდ ახალი საავადმყოფო და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს.