საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfgchn.JPG

თეთრაწყაროს თვითდახმარების ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან  „ფონდ ტასო“-ს (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი) გენერალური დირექტორის მოადგილემ, ცისანა გოდერძიშვილმა და სოფელ თეთრაწყაროს ქალთა თვითდახმარების ჯგუფმა შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძე, მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი და საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი, ნინო მაღლაკელიძე ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე ცისანა გოდერძიშვილმა განმარტა, ფონდის მიზანი სოფლად მცხოვრები ქალბატონების გაძლიერებაა. თეთრაწყაროს ქალთა თვითდახმარების ჯგუფი ,,ფონდ ტასო“ -ს დახმარებით ჩამოყალიბდა, რომელიც სოფელში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებს იკვლევს. „უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან აქტიური ჯგუფი შეიკრიბა, მათ უკვე დაიწყეს სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა, ისინი გრძნობენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას და სოფლისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრისთვის, პირველ რიგში, მზად არიან ადგილობრივ თვითმმართველობასთან სათანამშრომლოდ და ურთიერთობისთვის. ამ შემთხვევაში სოფლის უმთავრესი პრობლემა წყალია. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე სასაუბროდ შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან“- აღნიშნა ცისანა გოდერძიშვილმა. 

მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სოფელ თეთრაწყაროს მოსახლეობის პრობლემას კარგად იცნობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყლის სათავე ნაგებობის მოსაწყობად გამოყოფილია 12 000 ლარი. ამას გარდა, სოფლებში წყლის პრობლემების მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა. მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდება, მიზნობრივი თანხა დაიხარჯება და გაირკვევა თუ რა ეტაპზე იქნება პრობლემა მოგვარებული, ამის შემდეგ, მოგვმართეთ მოხსენებითი ბარათით და მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობების ფარგლებში გაგიწევთ დახმარებას“ - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სოფელ თეთრაწყაროში მცხოვრებმა ქალბატონებმა მუნიციპალიტეტის მერთან  მათთვის მნიშვნელოვან და მთავარ პრობლემაზე ისაუბრეს. სოფელს 35 წელია არ აქვს წყალი, და ის თითოეული ოჯახის პრობლემაა. 

როგორც თვითდახმარების ჯგუფის ლიდერი, ნინო გველესიანი  აცხადებს, ჯგუფის წევრებს უკვე შეკრებილი აქვთ ხელმოწერები, ასევე, შედგენილია ცხრილები და პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობა ფიზიკური დახმარებით მზადაა.

ინგა ბერაძე, მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში: ,,ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანი გრძნობდეს თავის წილ პასუხისმგებლობას სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის დროს. თეთრაწყაროს ქალთა თვითდახმარების ჯგუფი, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა არის კარგი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეების ჩართულობამ, პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზები გააჩინოს. ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, სოფელ თეთრაწყაროში მცხოვრებმა ქალებმა მუნიციპალიტეტის მერთან მათთვის მნიშვნელოვან და მთავარ პრობლემაზე ისაუბრეს. სოფელს 35 წელია არ აქვს წყალი, და ის თითოეული ოჯახის პრობლემაა.“

ნანახია: 8167 - ჯერ