9 ივლისს, ხარაგაულის მერთან ნიკოლოზ თოფურიძესთან, რიგით მეორე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე იმსჯელეს.
მათ შორის განიხილეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული პოლიეთილენის შემგროვებელი ბუნკერების დაცლისა და მათი სეპარირების საკითხი. ხარაგაულის არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ მიერ დაწყებული პროექტი „პოლიეთილენი-დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა“ ამჟამად, ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის მოვლა-პატრონობაშია. ეს უკანასკნელი კი, ჰიდრავლიკური პრესის გაუმართაობის გამო ბუნკერების დაცლას და პოლიეთილენის სეპარირებას სისტემატურად ვერ უზრუნველყოფს.
ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ზუსტად ამ საკითხზე დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც დიოქსინ ფურანების მართვაზე მუშაობს. მერი იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება და პოლიეთილენის შემგრობეველი ბუნკერების დაცლა და სეპარირება უფრო ინტენსირი გახდება.
საბჭოს წევრებმა ძირითად საკითხად დააყენეს ასევე, დაბის წყალმომარაგება და ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის მშენებლობის პროცესში ქუჩებისა და ჰაერის დაბინძურება.
ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სტიქიით დაზიანებული ლეღვნის წყლის მთავარი მაგისტრალის აღდგენამდე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ალტერნატიული რეზერვუარის მოსაწყობად პროექტზე უკვე მუშაობს, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ხარაგაულში 24 საათიანი წყალმომარაგება, ვერ სახელდება.
რაც შეეხება ხარაგაულის ქუჩებში მაღალი გამავლობის მანქანების ინტენსიურ გადაადგილებას, რომლებიც სამშენებლო მასალას ეზიდებიან, კომპანია black sea group -ი ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე, საჭიროებისამებრ ახორციელებს გზის მორწყვას.
საბჭოს წევრების აზრით, კარგი იქნება თუ მერი პირადად გააკონტროლებს გადარეცხვის შემდეგ ქუჩების დაგვა-დასუფთავებას.
მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2019 წლის დასწყისში ახალი შემადგენლობით შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ლალი სებისკვერაძე.
მრჩეველთა საბჭო სულ 11 წევრისგან შედგება.