საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1378.JPG

“თქვენთვის შეტყობინებაა" - ხარაგაული ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერით“ ხარაგაული ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა. „თქვენთვის შეტყობინებაა" - ასეთი იყო კამპანიის სახელწოდება, რომლის მიზანიც ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე მოქალაქეების ინფორმირება გახლდათ. შეხვედრა ხარაგაულის კინოთეატრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა, ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. კამპანიის ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ის უარყოფითი შედეგები, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ. ასევე, გაიმართა თემატური პერფორმანსი და გამოფენა. თეატრალიზებული მონოლოგებისას საზოგადოების წარმომადგენლებმა მოუსმინეს სხვადასხვა პერსონაჟების (მასწავლებელი, ბაღის მეთოდისტი, მშობელი, ბავშვები) რეალურ ისტორიებს, რომლის შემდგომაც გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მოდერატორები გახლდნენ ბავშვთა ძალადობის შემცირებისაკენ მიძღვნილი კამპანიის „თქვენთვის შეტყობინებაა“ კოორდინატორი ქუთაისში, ბავშვთა დაცვის სერვისების სუპერვაიზერი თინათინ ჭელიშვილი და ბექა ძოწენიძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, განათლების სამართლის მკვლევარი, სამართალმცოდნე. შეხვედრაზე მრავალჯერ აღინიშნა ის ფაქტი, რომ ხარაგაული პირველი მუნიციპალიტეტია, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა და მზადაა ამ თემაზე ღიად ისაუბროს. ძალიან კარგია, როდესაც მუნიციპალიტეტი და საჯარო სივრცე ღიაა სიახლეებისადმი, მზადაა საუბრისთვის, დისკუსიითვის, ამ ფონზე გამოწვევები, რომლებიც ნამდვილად არსებობს დაძლევადია ამბობს თინათინ ჭელიშვილი - ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისაკენ მიმართული კამპანიის „თქვენთვის შეტყობინებაა“ კოორდინატორი ქუთაისში, ბავშვთა დაცვის სერვისების სუპერვაიზერი.

ნანახია: 1731 - ჯერ