ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა მიზანში სროლის ტურნირი, სადაც ორმოცდაათამდე მოყვარული მონაწილეობდა. ჩემპიონატი 7 აგვისტოს, 11:00 საათზე კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. ქალბატონებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი ნინო გველესიანმა, მეორე ადგილი მარიამ შარიქაძემ, მესამე ადგილი კი ფატი ბაბლიძემ დაიკავა. რაც შეეხება ვაჟებს, აქ პირველ ადგილზე ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე, დემეტრე დუშუაშვილი გავიდა, რომელიც დღეს 11 წლის გახდა. მეორე ადგილი ზურაბ იჩქიტიძემ, ხოლო მესამე ადგილი ალექსანდრე გველესიანმა დაიკავა.
"უახლოეს მომავალში შეჯიბრი ასევე პროფესიონალურ დონეზე "სპორტინგში" ჩატარდება. გარდა ამისა, იგეგმება ბევრი აქტივობა ღია სივრცეში, რის საშუალებასაც გვაძლევს არსებული ეპიდვითარება"-ამბობს, პროექტის მენეჯერი უჩა ცხადაძე
გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა შარიქაძემ გადასცა.