სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება დაიწყო.
პირველი შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდა, რომელსაც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ბაზალეთის მოსახლეობა 12 000 ლარით საუბნო გზებზე გარე განათების სისტემის მოსაწყობად მასალებს შეიძენს.
ანალოგიური პროექტები შეარჩიეს ღარიხევის და ქროლის მაცხოვრებლებამაც, რაშიც თითოეული სოფელი 10 000 ლარს განკარგავს.
სოფელ წიფში, რომელზეც ასევე, 10 000 ლარია გამოყოფილი მოსახლეობის გადაწყვეტილებით თანხა ორად გაიყოფა, ნაწილი საუბნო გზის შეკეთებას, ხოლო ნაწილი გარე განათებისთვის მასალების შესყიდვას მოხმარდება.
სოფლის საერთო კრებები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით, ღია სივრცეში ტარდება.
ყველა კრების დასრულების შემდეგ შედგება ოქმი, რომელიც ინფორმაციასთან ერთად აიტვირთება ხარაგაულის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge
სოფლის საერთო კრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79-ივე სოფელში ჩატარდება და მას მერის მოადგილე დავით დევდარიანი უხელმძღვანელებს.
კობა ლურსმანაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის აღდგენა იყო გონივრული გადაწყვეტილება, რადგან მცირე პროექტების დაფინანსება სოფლებში, როცა მოსახლეობა თავად ირჩევს რა არის პრიორიტეტული და თავად განკარგავს კუთვნილ თანხას, არის რეგიონების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.
„როცა მე გახლდით პარლამენტის წევრი, უშუალოდ ვიყავი ჩართული ამ პროექტის აღდგენაში. ჩვენ ვიცით მოსახლეობის საჭიროებები, რომლებიც მათთან თანამშრომლობითაა გამოკვეთილი. მართალია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა ინტენსიურად აფინანსებს მსხვილ პროექტებს სოფლებში, მაგრამ ამასთან ერთად მცირე პროექტების დაფინანსება საციცოხლოდ მნიშვნელოვანია“.