სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0170.JPG

საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

30 მარტის საკრებულოს სხდომაზე  ოთხი საკითხი განიხილეს.

პირველი ორი საკითხი მოიცავდა ინფრასტრუქტურული პროექტების დამტკიცებას, რომელიც  სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა.

სხდომაზე, წარდგენილ პროექტებთან დაკავშირებით გარკვეული განმარტებები გააკეთა მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული თითოეული პროექტი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა. მოსახლეობასთან ერთად პროექტების შერჩევის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ სოფლის წარმომადგენლებიც და დეპუტატებიც.  აქტიურობის შედეგია, რომ იმ სოფლებში, სადაც პრიორიტეტული პროექტისთვის საკმარისი თანხა არ იყო დავამატეთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მომავალშიც არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.   იქ სადაც  ამის აუცილებლობაა, მზად ვართ ბიუჯეტიდან საჭირო თანხები გავიღოთ.“

სხდომაზე საკითხის განხილვა დაძაბულ რეჟიმში წარიმართა, რასაც წინ უძღვოდა სიტყვიერი დაპირისპირება  საკრებულოს უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის.  საკრებულოს დეპუტატის, თორნიკე ავალიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტიდან არაერთი პროექტი დაფინანსდა, რომელთაგან ზოგი დაუსრულებელია, ზოგი კი უხარისხოდ არის შესრულებული.  „წყლის გარეშეა დარჩენილი ვარძიის, თეთრაწყაროსა და საქარიქედის მოსახლეობა, ეს პრობლემა წლებია დგას, თანხები გამოიყო, თუმცა საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა“

ვარძიის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატის, გივი ხიჯაკაძის  თქმით წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე მოსახლეობის ნაწილს მოუგვარდათ წყლის პრობლემა, ხოლო  რაც შეეხება მეორე ეტაპს სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა თეთრაწყაროში  წყლის პრობლემის მოსაგვარებლად მერიამ გარკვეული ღონისძიებები გაატარა, ამ ეტაპზე, შეძენილია ტუმბო და მიმდინარეობს ხარვეზის გამოსწორება.

სხდომაზე ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხარგაულს გამოეყო მილიონ ორასი ათასი ლარი, რომელიც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. კერძოდ გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას.

ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა დროულად და დააგვიანდა:-„ მნიშვნელოვანია, რომ პროექტები დაფინანსდა, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, როცა პანდემიამ გარკვეული ფინანსური პრობლემები შექმნა.  თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით წვლილი შეიტანა როგორც საკრებულომ ისე მერიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ.’’

 

 სხდომაზე,  ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით საკითხი წარადგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა. მისი განმარტებით, დამატებით საჭიროა ხელშეკრულებით დასაქმდეს შვიდი თნამშრომელი.

კერძოდ: ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილებაში: სოცმუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი, ასევე სოციალურ სამსახურში სოც მუშაკი. ორი მათგანი კი დასაქმდება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის ასისტენტად.

 კახა გოლუბიანის განმარტებით მერიის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება შემდეგში უნდა  ჩამოყალიბდეს სამსახურად და საჭიროა ორი ახალი შტატის შექმნა, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის.

სხდომაზე წარდგენილი საკითხები მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა.

ნანახია: 2966 - ჯერ