სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdasdasf465af46af465af465af465f_1.JPG

უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  უხვი ნალექის  შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება.

სამუშაოების  განხორციელების  მიზნით, გამოცხადებული  ტენდერი  დასრულდა.

როგორც   დოკუმენტაციაში  ვკითხულობთ,    თანხები  ძირითადად  გზებისა და  ხიდების რეაბილიტაციის, ნაპირსამაგრი სამუშაოებისა  და გაბიონების მოსაწყობად დაიხარჯება. 

პროექტის  ფარგლებში,  დაბა  ხარაგაულში,   ბაზრის  ტერიტორიაზე   გზის   ნაპირდამცავი  კედელი აშენდება.

სოფელ  ლეღვანში,  კიბაბოურის  უბანში,   მოეწყობა   ახალი  სახიდე   გადასასვლელი.  გარდა  ამისა,   ცენტრალურ  გზაზე     გაკეთდება  გაბიონები;

ბორითის  ადმინისტრაციულ  ერთეულში       დაზიანებული  ხიდები   და  მილხიდები   აღდგება, კერძოდ,  ალედი  ბარბაქაძის  უბანში მოეწყობა  სანიაღვრე  არხი და   კურტანიძეების  უბანში-მილხიდი;

 მაქათუბანში  ბეტონის  გზაზე  ღელის  წყლისაგან  დაზიანებული  ბეტონის  მონაკვეთი  გაკეთდება, ასევე მაღაზიასთან -მილხიდი;

 მილხიდის  მოწყობა  იგეგმება   კვესრევშიც,  ამავე  სოფელში,   სავანის  უბანში,   გაკეთდება   ორი  ხიდბოგირი;

აქვე  მოგახსენებთ, რომ შემსრულებელი  კომპანია  ვალდებულია    სამუშაოები,  ხელშეკრულების  გაფორმებიდან  არაუგვიანეს  ოთხ  თვეში,  დაასრულოს.

  როგორც  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი  განმარტავს,  ეს  არის  პირველი  ეტაპი  და,   სტიქიური მოვლენების  სალიკვიდაციო  ღონისძიებების  განხორციელების მიზნით დამატებითი  თანხების მობილიზებაზე,   მუნიციპალიტეტი    კვლავ  აქტიურად  მუშაობს.

კობა ლურსმანაშვილი: ,,წინა  წლებში  სტიქიით    მიყენებული   ზარალი  მუნიციპალიტეტში,   დაახლოებით,   5  მლნ  ლარამდეა.  ამ  ეტაპზე  კი ხარაგაულს,  საქართველოს  მთავრობის  განკარგულებით,       1 200 000  ლარი  გამოეყო,  რომელიც  ძირითადად    დაზიანებული  ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.    დამატებით თანხების  მობილიზებაზე   კვლავ  აქტიურად   ვმუშაობთ   შესაბამის  სამინისტროებთან  და  ყოველივე     დამოკიდებული  იქნება  იმაზე,    თუ  როგორ  მოხდება  გამოყოფილი  თანხების  ათვისება.  თუმცა  გეტყვით,  რომ უყურადღებოდ  არ  დარჩება  არც ერთი  ადმინისტრაციული  ერთეული  და   სამუშაოები  ეტაპობრივად  ყველგან  განხორციელდება.

ამჟამად,  რაც  სწრაფ  რეაგირებას  საჭიროებდა,  გახლდათ დაბაში,  ბაზრის მიმდებარედ, ნაპირდამცავი  კედლის  აშენება.  გარდა  ამისა, სოფლებში  გზებისა  და  ხიდების  კუთხით  იყო   რიგი  პრობლემები, რაც   მოსახლეობის  გადაადგილებას  საფრთხეს  უქმნიდა.  

სამწუხაროდ,  სტიქია  მუნიციპალიტეტში  ხშირია.  ახლაც  ვიმყოფებით   წერტილოვანი  პრობლემის  წინაშე. ხანგრძლივი წვიმის შედეგად, დაზიანდა   ბაზალეთი-ხარაგაულის დამაკავშირებელი  გზის    გარკვეული  მონაკვეთი.   აღნიშნულთან  დაკავშირებით, გვაქვს კოორდინაცია   ინფრასტრუქტურის  სამინისტროსთან და მინისტრის მოადგილეებთან.  უკვე  ადგილზე  იმყოფებოდა   სამუშაო ჯგუფი და  მოახდინა ტექნიკური დათვალირება.

ხაზგასმით  შემიძლია აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი და   წარმომადგენლობითი ორგანოები აქტიურად  მუშაობენ ნებისმიერი  პრობლემატური  საკითხის  აღმოსაფხვრელად  და,  რაც  მთავარია,  სწრაფი  რეაგირებები  ხდება.  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ მაქსიმალურად  გვერდით  გვიდგას  მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი პაატა კვიჟინაძე  და იმერეთის  სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.   ვფიქრობ,  გუნდური   მუშაობის  პრინციპი  დადებითად  აისახება  საქმეზე  და  ის  საკითხები,   რომლებიც  მოსახლეობის  ინტერესებიდან  გამომდინარეობს,   მაქსიმალურად უმოკლეს  ვადებში  გადაიჭრება.

 

 

ნანახია: 1583 - ჯერ