დასი რეპეტიციებს უკვე 4 თვეა აქტიურ რეჟიმში გადის. ,, იმერული რექვიემი“ ასე ეწოდება რეზო კლდიაშვილის პიესას, რომლითაც ხარაგაული , 20 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება.
ამ ეტაპზე მუშაობა სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებასა და მხატვრობაზე მიდის.
სპექტაკლს მხატვრულად გაიოზ შუბითიძე გააფორმებს,მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე იმუშავებს.
ანუშკა ჩხეიძე
,,სპექტაკლის იდეა უკვე გამოხატულია, მუსიკა დასახვეწი გვაქვს და შესავსები. მგონია რომ ეს ცოტა უფრო განსხვავებული სპექტაკლი იქნება, იმ სპექტაკლებს შორის, რომელზედაც ირინას აქამდე უმუშავნია. ეს მისთვისაც და ჩვენთვისაც გამოწვევაა და ჯერ ყველა ისევ შემოქმედებითი ფიქრის პროცესში ვართ. სპექტაკლი ტრაგი-კომიკურია, თითქოს ყველაფერი კომედიაა, მაგრამ ძალიან დიდი აზრი დევს და მუსიკა ცდილობს რაღაც მომენტში რეალობაში დაგაბრუნოს , დამაფიქრებელი იყოს და კონტრასტი შექმნას. ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი კომპოზიცია , იქნება ბრაიან ნინოს კომპოზიციაც , რომელიც შევარჩიეთ და ჩავთვალეთ რომ ყველაზე მეტად მოუხდა სპექტაკლს. ეს იქნება ციფრული ხმები, იმიტომ რომ სპექტაკლის სიუჟეტი საგიჟეთში ვითარდება და შესაბამის განწყობა უნდა შევქმნათ.“ - ამბობს ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე
როგორც რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს სპექტაკლზე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ,,მიუხედავად იმისა რომ პიესა იუმორით გაჯერებულია, შეიცავს ტრაგიზმს და თითქოს ამ პანდემიას და დაძაბულ სიტუაციას ძალიან მოუხდა.ჩვენ მონატრებულ მაყურებელს ,რომელსაც პანდემიის გამო დიდი ხანია არ შევხვედრივართ გვინდა რომ პრემიერა ვაჩვენოთ. წინასამპრემიერო ჩვენება ხარაგაულში რეგულაციების მკაცრი დაცვით ივნისის დასაწყისში გაიმართება. ჩვენი მაყურებლისთვის იმდენჯერ ვითამაშებთ,რამდენჯერაც ამის მოთხოვნა იქნება. ვნახოთ როგორ მიიღებს მაყურებელი სპექტაკლს ხარაგაულში. ჩვენ ყოველთვის ხარაგაულში ვთამაშობთ პრემიერას, და აქ მიღებული წარმატება გარანტიაა ხოლმე იმ დიდი წარმატებების, რომელიც თეატრმა თავისი არსებობის მანძილზე მრავალჯერ მოიპოვა “- აცხადებს ირინე ჩხეიძე
სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა. 90 იან წლებში როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. როგორ განვითარდება მოვლენები და რა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები გავხდებით სპექტაკლის მანძილზე და რატომ იქცევა ყველაფერი ,,იმერულ რექვიემად“ ამას სპექტაკლის ხილვის დროს მიხვდებით.