სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/198498373_1161085490963638_1700557753931476700_n.jpg

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მიერ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში , სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა, რომელშიც კიცხის, ხიდრის, ვარძიის და წყალაფორეთის მოსახლეობა ჩაერთო.

 „გვინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, რადგან ეს კონკრეტული აქცია მისი ინიციატივით ჩატარდა. იშვიათია, როცა თვითმმართველობიდან გვაქვს ასეთი შემოთავაზება და მზაობა. იშვიათია ასე ზედმიწევნით ზუსტად აანალიზებდე სისხლის უანგარო დონორთა მობილიზების საჭიროებას ქვეყანაში“ - აღნიშნავს სისხლის საქალაქო სადგურის მთავარი მენეჯერი მარინა რუხაძე.

სწორედ ამიტომ, ხარაგაულის მერიას, საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის და სისხლის უანგარო დონორობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

„ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვხატოთ მადლიერება ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა კიცხის ზონის მოსახლეობას აქციაში ჩართულობისთვის, ასევე მადლობა მერიის ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებას აქციის ორგანიზებისთვის. კვლავ მზად ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ქველმოქმედებაში“- ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

  „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.

14 ივნისი  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს  უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და რეგულარული უანგარო დონაციის მნიშვნელობა წარმოადგენს.

ნანახია: 917 - ჯერ