სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/201212754_865296587675372_1374547846978213435_n.jpg

ხარაგაულის სახალხო თეატრის უხუცეს წევრებს ამაგდარის წოდება გადაეცათ

17 ივნისს იმერეთის თეატრალური ფესტივალის მეთორმეტე სეზონი გაიხსნა. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა მაყურებლებს სპექტაკლი - ,,სიმართლე“ წარუდგინა.

სპექტაკლს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი. ირინე ჩხეიძე, თეატრის დასთან ერთად, ესწრებოდა.

ფესტივალის გახსნაზე, 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხარაგაულის სახალხო თეატრის უხუცეს წევრებს: როლანდ ხიჯაკაძეს, ლუიზა კიკნაძეს, ნიკო წიკლაურს, ნიკოლოზ დეკანოსიძეს, გაიოზ შუბითიძეს და ვასილ კიკნაძეს ამაგდარის წოდება გადაეცათ.

„გილოცავთ ჩემო მეგობრებო ამაგდარის წოდებას. თქვენთან ერთად მოვდივარ ამდენი წელია. ბევრი მოგონება, სიხარული და წარმატება გვაკავშირებს. ჩვენ ერთად ვქმნით ხარაგაულის თეატრის ისტორიას და ვამაყობთ ამით. მიყვარხართ და მეიმედებით“ - ულოცავს თეატრის წევრებს რეჟისორი ირინე ჩხეიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 13 სპექტაკლი.

სპექტაკლებს  შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მაყურებელს საშუალება ეძლევა 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს. ფესტივალი COVID რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის თეატრი, დღეს, 17:00 საათზე გამართავს სპექტაკლს მაყურებლისთვის ხარაგაულის კინოთეატრში, ხოლო 19 ივნისს იმერეთის თეარტალურ ფესტივალზე ითამაშებს ახალ სპექტაკლს - „იმერული რეკვიემი“.

ხარაგაულელი მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი“ განმეორებით 23 ივნისს იქნება ნაჩვენები.

 

 

ნანახია: 1319 - ჯერ