სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0153_3.JPG

ხარაგაულის მერს 120 წლის თეატრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს

ხარაგაულის თეატრი სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარმატებით წარსდგა.

დარბაზმა ხანგრძლივი აპლოდისმენტები გაუმართა რეზო კლდიაშვილის პიესის გმირებს.

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ხარაგაულის თეატრის სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას დაესწრო ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლევან როხვაძემ და თეატრის კრიტიკოსმა ლაშა ჩხარტიშვილმა მადლობა გადაუხადეს ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს თეატრის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.

ლევან როხვაძე: ,,აქ იმყოფება ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი , რომელიც მუხლჩაუხრელად სიყვარულს, სითბოს არ აცილებს ქართულ თეატრს. მე მინდა, დიდი სიყვარულით, ჩემი საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, მივესალმო და მას საჩუქრად ღვთისმშობლის ეს ძვირფასი ხატი გადავცე. ღვთისმშობლის მადლი მომადლოს უფალმა ისეთ ხალხს, ვინც ზრუნავს თეატრზე. ჩვენ ექსპრომტად მოვიფიქრეთ ეს საჩუქარი გაგვეკეთებინა, როდესაც დავინახეთ, რომ მობრძანდით და ამით მხარდაჭერა და ყურადღება გამოხატეთ თქვენი თეატრის მიმართ -" მიმართა ლევან როხვაძემ ხარაგაულის მერს.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მინდა გამოგიხატოთ. ჩემთვის დიდი პატივია იმ სცენაზე დგომა, სადაც ჩვენი კორიფეები მოღვაწეობდნენ და მოგმართოთ თქვენ. ჩემთვის ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც მერი, წარმოვადგენდე მუნიციპალიტეტს, რომელსაც თეატრის არსებობის 120 წლიანი გამოცდილება გააჩნია. მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული რეჟისორი, ქალბატონი ირინე ჩხეიძე, რომელიც არაერთგზის დაჯილდოებულა აქ, ამ სცენაზე.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმერეთის და საქართველოს გამორჩეულ ქალაქში, ქუთაისში, რომელიც მდიდარია თავისი დიდი კულტურით და წარსულით და შევეცდებით ყველას ვაჩვენოთ, რომ ხარაგაული მზადაა იბრძოლოს წარმატებისთვის.“

სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა. 90-იან წლებში როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. სპექტაკლის მანძილზე სხვადასხვა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები ვხდებით.

სპექტაკლის რეჟისორია ირინე ჩხეიძე, რომელიც როგორც თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ყოველთვის ცდილობს დასთან ერთად ახალ, თანამედროვე, საინტერესო პიესებზე იმუშაოს.

შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ვალოდია, აროსტომი, ტატიანა, გულთმისანი, კლავდია, სამუელა - ეს ის გმირები არიან, რომელთა სახეები ირინე ჩხეიძემ, ლია ჭიპაშვილმა, მაია ბერაძემ, ვასილ კიკნაძემ, ბათუ კიკნაძემ, ლუიზა კიკნაძემ, დავით ჭყოიძემ, ირმა სხილაძემ და ბექა ხიჯაკაძემ განსაკუთრებული სამსახიობო ოსტატობით შექმნეს.

სპექტაკლი მხატვრულად გაიოზ შუბითიძემ გააფორმა, მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი, ანუშკა ჩხეიძე მუშაობდა.

ხმის ოპერატორი: დავით კვირიკაშვილი, განათების ოპერატორი: ირაკლი შარიქაძე

ოპერატორები: ზაზა ტაბატაძე და ავთო კვირკაშვილი

გრიმი: ლიკა თაბუკაშვილი

იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ 13 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

წარმატებები ხარაგაულის თეატრს!

ნანახია: 582 - ჯერ