სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0006_3.JPG

ერთობლივი მუშაობით ხარაგაულს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ

საჩხერე - ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს სამუშაო ფორმატში შეხვდა და მასთან ერთად ინფრასტრუქტურული, სოციალური  და ეკონომიკური საკითხები გაიარა.

პაატა კვიჟინაძე: ხარაგაულში დიდი და მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. ერთია ფინანსების მოზიდვა  და ტენდერის გამოცხადება და მეორე,  როგორ მიმდინარეობს უშუალოდ პროექტების განხორციელების პროცესი. გავეცანით სიტუაციას და ყველა საკითხი ნორმალურად და გეგმიურად მიდის . პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ერთობლივად, ერთ გუნდად ვმუშაობთ და ასე გავაგრძელებთ ბოლომდე.

კობა ლურსმანაშვილი: ვფიქრობთ, რომ  გამორჩეულად, გუნდური პრინციპით ვმუშაობთ, რისი შედეგიც თვალნათლივ ჩანს კიდეც. ძალიან ეფექტური იყო ხარაგაულისთვის მაღალმთიანი საბჭოს შემადგენლობაში ბატონი პაატას მუშაობა, სწორედ მისი უშუალო მონდომებით ხარაგაულმა ყველაზე დიდი თანხა 650 ათასი ლარი მიიღო, აღნიშნული თანხით ზვარესა და გედსამანიაში ორ მნიშვნელოვან  პროექტს ვახორციელებთ. მოსახლეობა გახარებულია რომ ყურადღება ექცევა მაღალმთიან სოფლებს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია იზრუნებს რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ათივე მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში ეტაპობრივად და პრიორიტეტების სწორი დასახვით განხორციელდეს.  

რაც შეეხება, ზოგადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხარაგაულში  ამ პროექტების ჩავარდნის ან დაუსრულებლობის საშიშროება არ არსებობს. ზოგ შემთხვევაში, კლიმატურმა პირობებმა და ამინდებმა  მშენებლებს ხელი შეუშალეს, ჩვენ გატარებული გვაქვს მათთან  მიმართებაში  ღონისძიებები, რომელიც ბატონ პაატას გავაცანი. უახლოეს ხანში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ჩვენ დადგენილ ვადებში დავასრულებთ პროექტებს და არ მოგვიწევს ვადების დარღვევა, ხოლო იქ სადაც იყო გარკვეული ობიექტური საფუძვლები ჩვენ მოვახდინეთ მეწარმეებთან კონტაქტი და კატეგორიულად მოვთხოვეთ  მათ როგორც წესი და კანონი ითხოვს, რომ ჯარიმების თანხა გადაიხადონ, და  თან გააგრძელონ მუშაობა და პროექტები დაასრულონ , რადგან ხარაგაულის ძალიან ბევრ სოფელში მოსახლეობა ამ განსახორცილებელ პროექტების დასრულებას დიდი ინტერესით ელოდება. ამჯერად ინფრასტრუქტურული პროექტები ხარაგაულის 43 სოფელში მიმდინარეობს, ამას ემატება დაბის ტერიტორიაზე მიმდინარე  24 საათიანი წყალმომარაგების და წყალარინების მასშტაბური სამუშაოები.

სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩვენ მოგვეცა ახალი შესაძლებლობა, განვაახლოთ ცენტრალურ ქუჩაზე  მდებარე მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის  ძველი სავაჭრო ცენტრი, რომელიც მუნიციპალური საკუთრება არ იყო, ამიტომ მასზე თანხას ვერ ვხარჯავდით და სავალალო მდგომარეობაში იყო. ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრებაში გადმოგვცა ცენტრი, რომელიც შესაძლებელი იყო დემონტაჟში მოქცეულიყო, ახლა საშუალება გვაქვს რეაბილიტაცია გავნახორციელოთ, რაც ამ ქუჩას ძალიან გამოაცოცხლებს.

ჩვენი ძირითადი დამკვეთი, შემფასებელი, არის მოსახლეობა, ვფიქრობ ხარაგულელები ხედავენ რაც კეთდება და  წლის ბოლომდე ჩვენ ძალიან ბევრ სიახლებს შევთავაზებთ მათ, როგორც განახლებული რეგიონების  ფარგლებში ისე ტურისტულ- ინფრასტრუქტურული კუთხით წარდგენილი ახალი პროექტების თვალსაზრისით, გავაგრძელებთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას, ამ პროექტის ფარგლებში წარდგენილი გვაქვს ხუნევში ახალი ბაღის მშენებლობის ან ძველის რეაბილიტაციის საკითხი, გვექნება, როგორც რეაბილიტირებული , ისე ახალი აშენებული სკოლა. ასე რომ, ხარაგაულს ამ ეტაპზე თამამად შეგვიძლია  ვთქვათ, რომ უფრო მეტი განვითარების საშუალება და  მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს.

მაჟორიტარ დეპუტატსა და მერს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ხარაგაულში ორი ახალი და მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა დაანონსდა.

სოფელ ბორითში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, მაღალი კლასის, სახანძრო - სამაშველო და საპატრულო პოლიციის ახალი შენობა აშენდება, რომელიც არა მარტო იმ ზონაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება, არამედ მთლიანად რეგიონს და ამავდროულად მოსახლეობის  დასაქმების ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდება. მიწის გამოყოფის სამუშაოები უკვე დასრულდა, მიმდინარეობს პროექტირება.

სამუშაოები მიმდინარეობს ხევში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობისთვის,  ტერიტორიის გამოყოფასთან და შესყიდვასთან დაკავშირებით. მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ჩინური მხარე განახორციელებს და ხეველებს ახალი,  მოწესრიგებული ამბულატორია ექნებათ.

შეხვედრაზე აღინიშნა , რომ მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი სტატუსის მქონე ათ სოფელში ეტაპობრივად და პრიორიტეტების დასახვით გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხს.

პაატა კვიჟინაძე: ,,ჩვენ უნდა შევიმუშაოთ პრიორიტეტები, ამჟამად დაწყებულია ორი მასშტაბური პროექტი სოფელ ზვარესა და გედსამანიაში, ორივე პროექტი არის გარდამავალი და დასამთავრებელი. ჩვენთვის ამ ეტაპზე  პრიორიტეტი იქნება, რომ გზა ამ სოფლებში დასრულდეს, იმიტომ რომ გედსამანიაც და ზვარეც ძალიან მასშტაბური და სიცოცოხლის უნარიანი სოფლებია. თანხების არსებობის შემთხვევაში ის დამატებით სხვა მაღალმთიან სოფლებზე გადანაწილდება.

გზა ყველგან გაკეთდება , მაგრამ მერიას აქვს პრიორიტეტები, პირველ რიგში, რა უნდა გაკეთდეს, სად არის უფრო მეტი მოსახლეობა, ხალხი არ უნდა მოვატყუოთ და სიმართლე უნდა ვუთხრათ და მათ სწორი მოლოდინები გავუჩინოთ.“

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა , რომ განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება იმ სოფლებს , სადაც ომში დაღუპული გმირების ოჯახები ცხოვრობენ. როგორც აღინიშნა , შემდეგ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურა სწორედ ამ სოფლებში მოწესრიგდება.

კობა ლურსმანაშვილი: ერთ ერთი სოფელი რომელიც გარანტირებულად პრიორიტეტებში გვიზის და უნდა გავაკეთოთ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ომში დაღუპული პაატა თაბაგარის სოფელი და ხიდარში ზაზა გლუნჩაძის უბანი. სამუშაობი დაწყებულია ხვიჩა მუმლაძის უბანში. ჩვენ  პატივს მივაგებთ გმირებს, ბატონი პაატა თვითონ არის საქართველოს ტერიტორიული მთალიანობისთვის  ბრძოლის  მონაწილე, და ის განსაკუთრებული თანაგრძნობით ეკიდება ამ თემას, სწორედ ამიტომ ვგეგმავთ, რომ ასევე საკრებულოს ჩართულობით , სოფლის ქუჩებს ჩვენი გმირების სახელები დავარქვათ, გვინდა ჩვენი გმირების სახელები სოფლების და დაბის ტერიტორიაზე ფიგურირებდეს და გამოკვეთილად ჩანდეს.

საჩხერე -ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, მერთან გამართულ სამუშაო შეხვედრას, წინ უძღოდა მოქალაქეებთან შეხვედრა. პაატა კვიჟინაძე დეპუტატის ბიუროში, უკვე ყოველთვიურად იღებს მასთან შეხვედრაზე ჩაწერილ მოქალაქეებს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს ხარაგაულის მერიასთან და საკრებულოსთან კოორდინაციაში განიხილავს.

 

ნანახია: 1393 - ჯერ