ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი ორი საკონკურსო იდეა, ხუნევის ბაღის მშნებლობა და დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსში, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა.
მერის , კობა ლურსმანაშვილის, განმარტებით ამჯერად პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტს, რომელიც წელსვე შეიძლება გაკეთდეს და დასრულდეს. სწორედ ამ ფორმით შეირჩა დევების ტერიტორია და ხუნევის ბაღი.
,,სრიგპ“ -ს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილი იყო ასევე ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა ცაშეკრულას კანიონის და დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დევების გამოქვაბულის რეაბილიტაცია.
წინადადებების სახით წარდგენილი იყო ასევე ახალი მუზეუმის მშენებლობა, და კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის და ხუნევის ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და თანადაფინანსებისათვის 25 ათას ლარს გაიღებს.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით 2022 წლისთვის ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია კვლავ წარადგენს საკონკურსო იდეებს , რომელიც ძირითადად ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და რეკრეციული ზონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.