სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/253234019_306883127944405_1121592478578618263_n.jpg

როგორ მუშაობს მერიის სოციალური პროგრამები - მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი კომენტარს აკეთებს

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს სოციალური პროგრამების 9 თვის ანგარიში წარუდგინა.

,,kharagaulinews” დაინტერესდა როგორ აფასებს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი 9 თვის თავზე მერიის მუშაობას სოციალური მიმართულების მხრივ.

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოციალური მიმართულება.ზოგადად სოციალური ფონი ხარაგაულში არ  არის სახარბიელო, ამას  ის ფაქტიც ამძიმებს, რომ პანდემიაა ქვეყანაში და მსოფლიოში.  შესაბამისად მომართვიანობა მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებზე გაზრდილია.მინდა გითხრათ, რომ სოციალური მიმართულებით ცხრა თვის ხარჯები ნამდვილად არის გაზრდილი სხვა პერიოდთან შედარებით. რატომ? პასუხი მარტივია, ახლა პანდემიაა და არავის დაავიწყდეს რომ დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს ყურადღება და ვერავინ ერთ მაგალითსაც ვერ დაასახელებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას რაიმე პოლიტიკური ნიშნით ვიხელმძღვანელეთ. შესაბამისი კომისიის მიერ ფასდება ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია ოჯახს.კობა ლურსმანაშვილისთვის, როგორც მერისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი სოციალური მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადეთ თითოეულ ოჯახამდე მივსულიყავით და მათი საჭიროებები მოგვეცვა."

 კოვიდ პანდემიას პასუხობს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი სოციალური პროგრამა. კერძოდ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოქალაქის ოპერაციის,სამედიცინო მომსახურების, კვლევის და მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას დაემატა პუნქტი, რომელიც კოვიდის და კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობისას, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, მედიკამენტების შესაძენად - 150 ლარამდე თანხის გაცემას ითვალისწინებს.

როგორც მერის პირველი მოადგილე აღნიშნავს , მთავარია მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალური პროგრამების შესახებ. ინფორმაციის მიწოდების პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულები მერის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ახდენენ მოსახლეობის ინფორმირებას და მოქალაქეებს დოკუმენტების მოწესრიგებაში ეხმარებიან.

ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება  მუნიციპალური პროგრამებთან დაკავშირებით, რა სახის დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ 

დებულების მიხედვით, ასევე რა კრიტერიუმები არის დაწესებული და როგორია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც განაცხადისას უნდა წარმოადგინოს მოქალაქემ.“

კომისია მოქალაქეებიდან შემოსულ განცხადებებს სისტემატურად განიხილავს.

,,გადაწყვეტილებები კომისიის სხდომაზე მიირება სამართლიანად. კომისიის შემადგენლობაში სხვადსხვა სამსახურების წარმომადგენლობა შედის და , ვფიქრობ გადაწყვეტილელებთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს.

ერთჯერადი დახმარებების ლიმიტი წლის დასაწყისიდანვე გაიზარდა, ანუ მიმდინარე 9 თვის განმავლობაში გაზრდილია არა მარტო იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც დავემხარეთ არამედ თვითონ დახმარების ზღვრული ოდენობა. ჩვენ სოციალურ პროგრამებს დაემატა ვეტერანტა დახმარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რაც 2021 წლისთვს სიახლე იყო.“

როგორი იქნება 2022 წლის სოციალური პროგრამები და რამდენი იქნება ხარაგაულის ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით ამ კითხვაზე მერის პირველი მოადგილე პასუხობს:

,,ახლა ბიუჯეტის პროექტზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ გარკვული ცვლილებები კვლავ გვექნება. სავარაუდოდ, ფინანსურ რესურს თუ მოვიძევთ გარკვეული პროგრამების ფინანსური ზღვარი გადაიხედება და გაიზრდება. ეს ეხება კომუნალური ხარჯის დაფინანსებას, მრავალშვილიან ოჯახებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს და მარტოხელა მშობლებს.

გვაქვს მერისგან დავალება, რომ დროული და ადეკვატური იყოს რეაგირება სოციალურ პროგრამებტან დაკავშირებით და დახმარების გაწევა გართულებული ბიუროკრატიული ბარიერების , თუმცა კანონიერად მოხდეს.

აქვს თუ არა მერიას გრძელვადიანი სოციალური პროგრამები და თუ არის კონკრეტული ინიციატივები ამ კუთხით ამასთან დაკავშირებით ვარლამ ჭიპაშვილი გვპასუხობს:

,,ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ გრძელვადიან სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით, თუმცა რატომღაც ასეთი ადამიანებისგან კონკრეტული ინიციატივები არასდროს მომისმენია.

გრძელვადიან შედეგზე გათვლილი პროგრამები აუცილებელია , მაგრამ ის  ამ ეტაპზე ვერ ჩაანაცვლებს იმ სოციაულურ პროგრამებს , რომლითაც მოქალაქეები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სარგებლობენ.

ეს ნელი პროცესია. ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ ასეთ პროგრამებზე და ამ კუთხით სხვათა ინიციატივებსაც გავითვალისწინებთ.“

 

ხარაგაულის მერიის მიერ სოციალური პროგრამებით გაწეული დახმარებების 9 თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით შემოსულია 2191 განცხადება.

ადმინისტრაციული დაპირება გაიცა 555 განცხადებაზე- 325500 ლარის ოდენობით.

ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით დაკმაყოფილდა   87 განცხდება -15400 ლარი.

ერთჯერადი ფინანსური დახმარების ქვეპროგრამით დაკმაყოფილდა -1080 განცხადება თანხით  193100 ლარი.

სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარების ქვეპროგრამით ანგარიშსწორებისთვის  სამკურნალო დაწესებულებებში გადაირიცხა    314700 ლარი, დაკმაყოფილდა 549 განცხადება.

შშმ პირთა მკურნალობა  -30 განცხადება 11107 ლარი.

შშმ პირთა მომვლელის ყოველთვიური დახმარება 40 ბენეფიციარი 11640 ლარი.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება-39 განცხადება -8850 ლარი.

მარტოხელა მშობლის დახმარება - 10 განცხადება -2000 ლარი.

მარჩენალდაკარგულთა დახმარება - 19 განცხადება 4100 ლარი.

დიალეზზე მყოფი პაციენტების და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება  15  პირი   18900  ლარი.

ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამებით მოსარგებლეა 100 ბენეფიციარი,

უსინათლო პირები,  დევნილები და სამამულო ომის ვეტერანები. 9 თვეში ამ მიმართულებით დახარჯულია 27100 ლარი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება - 5 ბენეფიციარი, 4500 ლარი.

სადღესასწაულო დღეების დახმარება - 23200 ლარი.

ხანდაზმულთა დახმარება 1000 ლარი, 2 ბენეფიციარი.

სოციალურად დაუცველი გარდაცვლილის ოჯახის დახმარება - 6000 ლარი, დაკმაყოფილდა 30 განცხადება.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება - 7750 ლარი, დაკმაყოფილდა 33 განცხადება.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დაკრძალვა - 1000 ლარი, დაკმაყოფილდა 4 განცხადება.

სტიქიის შედეგად დაზარალებული, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების და უსახლკარო პირთა დახმარება - 108300 ლარი, დაკმაყოფილდა 111 განცხადება.

ბინის ქირით უზრუნველყოფა 5 განცხადება 4300 ლარი.

 

ცხრა თვეში მუნიციპალური სოციალური პროგრამით ისარგებლა 2609 ბენეფიციარმა და დახარჯულია 762947  ლარი.

ნანახია: 1241 - ჯერ