მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფელ ხევში ამბულატორიის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება საკრებულოს 13 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე.
მან დეპუტატებს მოუწოდა ამბულატორიის მშენებლობისათვის თანხმობა მიეცათ 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხს.
როგორც საკითხის მომხსენებელმა, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ აღნიშნა ამბულატორიის მშენებლობას , რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი ,,Hunan Road and Bridge Construction Group“ -ი კომპანია უზრუნველყოფს.
ხევში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხევი-უბისას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამო შენობა წითელ ზონაში მოხვდა.
სხდომაზე ასევე განიხილეს 2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში წარსადგენი პროექტები.
აღნიშნული საკითხი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით კონკურსში მერია სამ პროექტს წარადგენს:
1.მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ;
2.დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია;
3.ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი : “წინასწარ არ ვიცით ამ სამი პროექტიდან, რომელი დაფინანსდება. შეიძლება სამივე პროექტი დაფინანსდეს, შეიძლება ვერცერთი. ჩვენ შევეცდებით, რომ სამივეზე მივიღოთ გრანტი. გასულ წელს, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ორი პროექტი დაფინანსდა. სოფელ ხუნევში ბაღის მშენებლობა და დევების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნა. ხუნევის ბაღის მშენებლობისათვის მერიამ გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. დევების მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი.“
სხდომაზე წარდგენილი იყო ასევე საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა.
საბიუჯეტო ცვლილებაში ასახული იყო 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთი.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე წარდგენილი საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.