ანაობას, ხარაგაულში წმ. იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარი ეკურთხა.
ტაძრის საზეიმო კურთხევა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ,მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ჩაატარა. მსახურებას ასევე ესწრებოდა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე).
კურთხევის საზეიმო ცერემონიას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საპატიო სტუმრები, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტაძარი ხარაგაულელმა ბიზნესმენმა მამუკა არევაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა.
კობა ლურსმანაშვილი:
,,დღეს სადღესასწაულო დღეა, ხარაგაულს შეემატა შესანიშნავი ტაძარი, ეს ძალიან დიდი შენაძენია და ვულოცავ მთელ ხარაგაულს. მინდა მადლობა გადავუხადო არევაძეების ოჯახს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობებით ახალი ტაძარი აჩუქეს ხარაგაულს, ასეთი ადამიანები დასაფასებლები არიან. ვუსურვებ ხარაგაულს მეტი ინიციატივიანი და შესაძლებლობების მქონე პიროვნებები ჰყავდეს, რომლებიც ხარაგაულისთვის მრავალი სიკეთის კეთებას შეძლებენ.“
ტაძრის კურთხევის შემდეგ, მრევლს სიტყვით მიმართა მეუფე მელქისედეკმა:
,,მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღეს არის ღვთისმშობლის დედის მიძინების, წმინდა ანას ხსენების დღე, განსაკუთრებით უშვილოები შესთხოვენ იოაკიმეს და ანას შვილიერებას. ამ ტაძარში დადგინდება მსახურება, ჩატარდება წირვა და ტაძარი მოქმედი იქნება“- მიმართა მრევლს სიტყვით მეუფე მელქისედეკმა.
ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე დოსითეოსმა ტაძრების მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,ტაძრის აგება არის ყველაზე დიდი ნიშანია იმის რომ ადამიანებმა უფლის გზა იპოვეს, დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი ჩემს ხარაგაულელებთან ერთად და გამეზიარებინა ეს სიხარულის დღე. წმ იოაკიმე და ანა შეეწიოს ყველა ადამიანს ვინც გულით შემოხედავს ამ ტაძარს და პირჯვარს გადაიწერს, უფალმა ისმინოს თითოეული ჩვენგანის ლოცვა და თხოვნა.“
ახლად აშენებული ეკლესია ერთადერთია ხარაგაულში ,რომელიც წმინდა იოაკიმე და ანას სახელზეა აგებული.
ახლად ნაკურთხ ტაძარში დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) იმსახურებს.
ტაძარი მოქმედი იქნება და მასში წირვა ლოცვა ყოველ შაბათ - კვირას აღევლინება.